საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მე-5 ქალთა სპეციალური დაწესებულებაში იმყოფებოდა, სადაც ქალ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შეხვდა, მათ შორის ელისო კილაძეს, მზია ამაღლობელს და ანასტასია ზინოვკინას.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრებისგან მოისმინა ინფორმაცია მათი განთავსების პირობებისა და უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ; შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და ადგილზე დაათვალიერა ციხის ინფრასტრუქტურა; გაეცნო პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ფსიქო-სოციალურ, საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამებში მსჯავრდებულთა ჩართულობის საკითხებს; მოინახულა ასევე, დაწესებულებაში არსებული დედათა და ბავშვთა განყოფილება.
„სახალხო დამცველმა დაწესებულებაში ასევე შეხვდა იქ განთავსებულ ელისო კილაძეს, მზია ამაღლობელს და ანასტასია ზინოვკინას, გაეცნო მათ საცხოვრებელ პირობებს, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას. საქართველოს სახალხო დამცველი რეგულარულად ახორციელებს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს და პატიმართა უფლებებზე ზედამხედველობას, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
