“თინეიჯერებში მენტალურ პრობლემებზე უფრო ბუნებრივი ცოტა რამეა. სხვა თუ არაფერი, ჰორმონალური შტურმი იწვევს უზარმაზარ ცვლილებებს ისედაც ჩამოუყალიბებელ ფსიქიკაში. ამას ემატება შეცვლილი ცხოვრების წესი, ბუნებრივად წანაცვლებული დღის და ღამის რეჟიმებით, ნერვიულობა ყველაფერზე, სქესობრივი გამოცდილების შეძენის/ვერშეძენის საკითხზე ბუნებრივი ღელვა, გაზრდილი სოციალური პასუხისმგებლობა, მშობლების უეცარი “გაუხეშება” და ასე შემდეგ.
არაფერი უცნაური ამაში არაა და არც გამოუსწორებელი. მეტიც, ძირითადში, საკმაოდ მარტივიცაა: ხშირად, ექიმის დანიშნული დღეში ერთი უბრალო ტაბლეტის მიღება და კვირაში ერთი საუბარი სწორ ადამიანთან, სრულიად საკმარისია. ამას თუ დავამატებთ ელემენტარულ ცოდნას, რომელიც მშობელს უნდა ჰქონდეს, მივიღებთ ამ პრობლემის მოგვარებას შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში.
არადა, პრობლემა კატასტროფული მასშტაბისაა და უმძიმესი ფორმებით ვლინდება. ჩვენი ბავშვები იტანჯებიან და ამასთან ერთადცხოვრება უწევთ წლების განმავლობაში. წამებაა მათთვის ასე ცხოვრება და არც იციან რა ქნან, ვის მიმართონ და საერთოდ ილაპარაკონ თუ არა ამაზე. უმახინჯდებათ ფსიქიკა და მთელი ცხოვრების უმძიმეს ტრავმად მიყვებათ პერიოდი, რომელიც სინამდვილეში საუკეთესო მოგონებებს უნდა იტევდეს და მთავარი გამოცდილებების და უნარების შეძენაში უნდა იხარჯებოდეს.
არა და, როგორც ზემოთ ვთქვი, მსუბუქი და რამდენიმეთვიანი მკურნალობის საკითხია და მეტი ყურადღების (და არა თავსმოხვეული და ხისტი ჩარევის) გარე სამყაროს მხრიდან. ძირითადად, ტვინში მიმდინარე სრულიად ჩვეულებრივი ბიოქიმიური პროცესები იწვევს ამ პრობლემას და ასევე სრულიად ჩვეულებრივი ბიოქიმიური პასუხი აწესრიგებს, პლიუს, გონიერი ადამიანების ყურადღება და პროფესიონალების (და არა შარლატანების, გაუგებარი ქოუჩების და მჩხიბავების) ელემენტარული და დროული ჩარევა. ეს სირცხვილი არაა, პირიქით, სირცხვილი ამის არგაკეთებაა.
ყურადღების დეფიციტს რომ დღემდე სიცელქეს და უზრდელობას ეძახიან მასწავლებლები და მშობლებს რომ სიტყვა ფსიქიატრი ტაბუ და განაჩენი ჰგონიათ, ეს ცალკე უბედურებაა. სამწუხაროდ, რეალობაა, რომ ვინც პირველი დამხმარე უნდა იყოს ბავშვისა და მოზარდის, ისინი უმრავლეს შემთხვევაში ელემენტარული ფსიქოლოგიური საკითხების არცოდნას და საბაზისო პროფესიული თუ სოციალური უნარების არქონას ამჟღავნებენ.
პირველ რიგში, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების განუწყვეტელი ფიქრისა და მოქმედების საგანი უნდა იყოს ეს უმიმესი სოციალური და ინდივიდუალური პრობლემა, რადგან არ არსებობს არც ჯანმრთელობა, არც განათლება და არც ჯანსაღი სოციუმი, თუ ადამიანები და, განსაკუთრებით ბავშვები, შფოთვების, პანიკური შეტევების, უსაფუძვლო შიშების, ქრონიკული დაღლილობის, მუდმივი საფრთხის განცდის და სოციალური შიშების ჯოჯოხეთში ცხოვრობენ.
ბევრ სხვასთან ერთად, ქვეყანაში ესეც უნდა დასრულდეს. ბავშვებსა და მოზარდებს ნორმალური განვითარებისა და ბედნიერი ცხოვრების ეს ბაზისური და აუცილებელი წინაპირობა უნდა შევუქმნათ”, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
