ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ნათია თურნავას გადადგომას ითხოვს და სანქციების აღსრულების მონიტორინგს იწყებს – ამის შესახებ განცხადება ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ გააკეთა.
“ნათია თურნავა 38 000 ლარის ანაზღაურებას არ იღებს სანქცირებული პირების დასაცავად. მისი მოვალეობა არის ხალხის ინტერესების დაცვა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა. თუ იგი ვერ ან არ უპირისპირდება პოლიტიკურ ზეწოლას, მოვუწოდებთ გადადგეს.
ადრე ხელისუფლებამ დაიცვა ოთარ ფარცხალაძე, რომელიც საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოექცა, ხოლო ახლა იცავს იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც, რუსული ჰიბრიდული ომის ნარატივებს ავრცელებენ” – თქვა ლაშა ფარულავამ.
მისივე თქმით, სანქციების აღსრულების მონიტორინგის პირობებში, დაასახელებენ ყველა იმ პირსა და კომპანიას, ვინც ფინანსურ სარეკლამო მხარდაჭერას გაუწევს სანქცირებულ ტელევიზიებს.
გუშინ ნათია თურნავამ განაცხადა, რომ “იმ შემთხვევაში, თუკი წარმოიქმნება კოლიზია სხვა იურისდიქციაში მიღებულ ნორმატიულ აქტსა და საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას შორის, მოქმედი კომერციული ბანკები ვალდებული არიან იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად”.
