საქართველოს პროკურატურამ დმანისის მუნიციპალიტეტში ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 იანვარს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაბულახში ბრალდებულმა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს დანით ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე გარდაიცვალა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო; ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა“, – ნათქვამია განცხადებაში.
