ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა რეპეშაჟში საფრანგეთი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
ჩვენი ნაკრებიდან გამარჯვებები ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ), ლაშა ბექაურმა (90 კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (100+ კგ) მოიპოვეს. ოქროს ქულა კი საქართველოს ნაკრებს ლაშა ბექაურმა მოუტანა. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი შეხვედრის მანძილზე ტრავმით ჭიდაობდა.
საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის ჩინეთის ნაკრებს შეხვდება.
მსოფლიო პირველობაზე ინდივიდუალურ ასპარეზობებში საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა ოთხი მედლით დაასრულა: ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) – ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენი გუნდი იაპონიის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა.
