რეზო კიკნაძის შემდეგ, ირკვევა, რომ ციხეში შეზღუდვებზე კიდევ ერთი პატიმარი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი საუბრობს. აქტივისტმა ოჯახის წევრებს უთხრა, რომ სატელეფონო ზარების გარდა, აკრძალვები წერილებსაც ეხება.
“გუშინწინ დამირეკა ნიკოლოზმა და მითხრა ასეთი რაღაც, რომ ცდილობდა მის ადვოკატთან, ელგუჯა ავსაჯანიშვილთან დაკავშირებას და ვერ ახერხებდა. აქედან გამომდინარე, მას ჰქონდა ასეთი იდეა, რომ სხვას შეძლებოდა დაკავშირება და იყო თუ არა მის სართულზე აკრძალული ეს სატელეფონო საუბარი მის ადვოკატთან. შესაბამისად, მე ვთხოვე სანდრო ცხადაძეს, რომ დაკავშირებოდა ონისეს და ონისე დაუკავშირდა ბატონ ელგუჯას და ჩვეულებრივად მოახერხეს მათ კომუნიკაცია” – ამბობს ჯავახიშვილის ოჯახის წევრი.
აქციებზე დაკავებული აქტივისტი რეზო კიკნაძე აცხადებს, რომ პენიტენციურმა დაწესებულებამ დედისა და ორი უახლოესი ადამიანის ტელეფონის ნომერი დაუბლოკა, რის გამოც უკვე ორი თვეა, ახლობლებთან სატელეფონო კომუნიკაციის შესაძლებლობა არ აქვს.
