ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კუჭავა ფეხმძიმე ქალის გარდაცვალებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს.
“ბუკნარში, მრავალშვილიანი ფეხმძიმე ქალბატონის გარდაცვალებამ, კიდევ ერთხელ, მთელი ტრაგიზმით წარმოაჩინა პრობლემა, რომლის მოგვარებასაც უკვე რამდენიმე წელია ვცდილობდით, მოვითხოვდით, ვემუდარებოდით ყველას, ვისაც კი ხელეწიფება, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში აღდგეს სამეანო-გინეკოლოგიური მომსახურება.
თვითმმართველობა უძლურია კერძო სექტორი დაარწმუნოს აღნიშნული მომსახურების კრიტიკულ აუცილებლობაში, არაერთხელ ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. კომერციული მდგენელის უპირატესად წარმოდგენა ჯანდაცვის სფეროში არაა მართებული და ასეთი ლეტალური შედეგებისგან დამზღვევი.
ისეთ მაღალმთიან მუნიციპალიტეტში, როგორიც ჩოხატაურია სამეანო- გინეკოლოგიური სერვისის მიწოდება უნდა აღდგეს, სანამ ურემი კიდევ ერთხელ არ გადაბრუნებულა.
ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს” – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი კუჭავა
