ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს – ფაქტზე 2008 წელს დაბადებული პირია დაკავებული.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2008 წელს დაბადებული ა.გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, თემქის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1997 წელს დაბადებულ გ.ა. -ს ფიზიკურად გაუსწორდა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც სამედიცინო დახმარება უტარდებოდა , თუმცა მომდევნო დღეების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და ის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს” – ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ავალიანს სადარბაზოსთან რამდენიმე არასრულწლოვანი დახვდა, მათ შორის 16 წლის გოგო. დანაშაულის სავარაუდო მოტივად ეჭვიანობა სახელდება. მოკლული ბიჭის დედა წერს, რომ 16 წლის ნია ი-მ შეყვარებული “გიგასთან მიმოწერით აეჭვიანა”, რასაც ქალის თქმით, ჩასაფრება და მკვლელობა მოჰყვა.
