გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით მოსამართლე ნანა შამათავამ პატიმრობა შეუფარდა. ლილუაშვილის დაცვის მხარე მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ალტერნატივის სახით კი გირაოს სთავაზობდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ლილუაშვილის პროცესს მედია ვერ დაესწრო, რადგან ადვოკატს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს.
ანდრია ლილუაშვილს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის 23 ოქტომბერს დააკავეს.
ანდრია ლილუაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
