საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის ზურაბ კაკაბაძის ადვოკატი მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს. ადვოკატმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კაკაბაძე ბრალს არ აღიარებს.
„ბატონი ზუტა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს, მასაც უამრავი სამართლებრივი არგუმენტი გააჩნია. რაც შეეხება ოფიციალურად გამოკითხვის თემას, ეს სურვილი ჯერჯერობით ბრალდების მხარის მხრიდან არ გამოხატულა და ჩვენება არ მიგვიცია. ორწლიანი გამოძიების პერიოდში ბატონი ზურა რამდენჯერმე დაიბარეს გამოკითხვაზე, ის ყოველი გამოძახებისას მითითებულ დროს ცხადდებოდა. საოცარია ის შემთხვევა, რაც გუშინ მოხდა. ბრალდების მხარემ მორიგ ჯერზე დაიბარა ჩემი მარწმუნებელი და დაახვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 17 ოქტომბერს გაცემული განჩინება მისი დაკავების თაობაზე. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მოულოდნელი და შეუსაბამოა იმ მდგომარეობის, რასაც ზურაბ კაკაბაძე გამოხატავდა. ის მუდმივად გამოხატავდა გამოძიებასთან თანამშრომლობის მზაობას, თუმცა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება გენერალურ პროკურატურაში მოხდა და შემდეგ უკვე ბრალდების წარდგენა“, – განაცხადა მანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ კაკაბაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
