“ერთი მწვდა, რამდენს ალაპარაკებთო, გადმომიღეს მანქანიდან, მათრიეს” – ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა აქტივისტმა, ვახო ფიცხელაურმა სასამართლოში განაცხადა და დაკავების დროს პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ის ჯერ ადმინისტრაციულით დააკავეს, შემდეგ კი სისხლის სამართლის წესით. როგორც აქტივისტი იხსნებეს, სამხარაულიდან ხელწერილი დააწერინეს და გაუშვეს, გამოსვლისას კი ხვა პოლიცია დახვდა და სისხლის სამართლის წესით აიყვანა.
“ჯერ ადმინისტრაციულად დამაკავეს, მერე კი სისხლის სამართლის წესით. ძალადობის და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ვიყავი ადმინისტრაციული დაკავებისას. ბავშვის გამოსაყვანად მივდიოდი სამსახურიდან. გადამიჭრეს გზა მანქანით, სამოქალაქო მანქანა იყო, არ ეტყობოდათ რომ პოლიციელები იყვნენ. მითხრეს, რომ გადამოწმების მიზნით გავყოლოდი. თავი არ წარმიდგინეს. ბავშვს გამოვიყვან ბაღიდან და ჩემი ფეხით მოვალ-მეთქი. ერთი მწვდა, რამდენს ალაპარაკებთო. გადმომიღეს მანქანიდან, მათრიეს. წამიყვანეს. დამაყენეს 4 საათი. ჩამიყვანეს ნარკოლოგიურში. ახლა ნახავ, რა მოგივა. ოჯახის მისამართით იყო შეურაცხყოფა. სამხარაულში ვიყავით გორში. გადამიყვანეს ნარკოლოგიურში. მითხრეს, რომ მერე გამიშვებდნენ. ამიღეს ტესტი, მაგრამ არ გამიშვეს. წამომიყვანეს ისე სამხარაულში. დამაწერინეს ხელწერილი, რომ დამირეკავდნენ და გამოვცხადდებოდი. მობილური დაიტოვეს. რომ გამოვედი, სხვა პოლიცია დამხვდა და ამიყვანეს სისხლით. დამადეს ბორკილები,” – განაცხადა ვახო ფიცხელაურმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დაკავებული კიდევ 5 პირის – ბექა მაჭავარიანის, ვახტანგ ფიცხელაურის, მანუჩარ მიქელაძის, ალექსანდრე ხაბეიშვილის და სერგო მეგრელიშვილის, სხდომა მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
