საქართველოს პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვის და გამოყენების ფაქტზე, დაკავებულია ერთი პირი.
“თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის Instagram-ის მეშვეობით სხვადასხვა პირთან მიმოწერებს აწარმოებდა, რა დროსაც მათ მიერ გადმოგზავნილ პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველ ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას ფარულად, დაზარალებულების ნებართვის გარეშე ინახავდა. ხოლო ერთ-ერთ არასრულწლოვან დაზარალებულს, ურთიერთობის გაგრძელების მიზნით, უკანონოდ მოპოვებული მასალის გავრცელებით ემუქრებოდა.
საქართველოს პროკურატურამ შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები: გამოიკითხნენ დაზარალებულები, ჩატარდა ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, გამოთხოვილი იქნა ელექტრონული ინფორმაცია, ჩატარდა საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა უკანონოდ მოპოვებული ათეულობით პირის ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალა. ამჟამად მიმდინარეობს დაზარალებულ პირთა იდენტიფიცირება და მათი გამოკითხვა”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.