არასრულწლოვანი გოგოს ადევნებისა და მისი ნების საწინააღმდეგოდ ფიზიკური შეხების ფაქტებზე, რასაც სისტემატიური სახე ჰქონდა, პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია “საფარი” ავრცელებს.
“ივლისის თვეში საფარს მიმართა არასრულწლოვანმა, რომელთანაც პოლიციელი სისტემატური ხასიათის არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა და გოგოს ნების წინააღმდეგ ფიზიკურად ეხებოდა.
პოლიციელის ქმედების გამო, ბავშვს ცხოვრების სტილის შეცვლა მოუწია – ის ვეღარ დადიოდა იმ ადგილებში, სადაც მოძალადესთან შეხვედრა იყო მოსალოდნელი. პოლიციელმა იცოდა მსხვერპლის არასრულწლოვნების შესახებ და, ასევე, გოგოს გაცხადებული ჰქონდა, რომ ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მისთვის არასასურველი იყო.
საქმეში საფარის იურისტი მარი ვარამაშვილი ჩაერთო. მისი ჩართულობით ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და მოპოვებულ იქნა გოგოსა და პოლიციელს შორის შემდგარი მიმოწერა, რომელიც ადასტურებდა პირის მიერ ჩადენილ დანაშაულს. პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მას 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება”, – ნათქვამია “საფარის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.