საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე ორი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
“წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე დაკავებულია საქართველოს 2 მოქალაქე დ.კ და გ.ო. საქმე ეხება საქართველოში ბინადრობის მოპოვების სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქისგან დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტს.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დ.კ გ.ო-სთან შეთანხმებით უცხო ქვეყნის ერთ მოქალაქეს თავისი კავშირებისა და მაღალი თანამდებობის პირების მეშვეობით, საქართველოში ბინადრობის მოპოვების უზრუნველყოფას შეპირდა. რისთვისაც 8000$ მოსთხოვა.
2025 წლის 26 სექტემბერს უცხო ქვეყნის აღნიშნულმა მოქალაქემ დ.კ-ს და გ.ო-ს თანხის ნაწილი გადასცა 1500 ლარის ოდენობით. აღნიშნულის შემდეგ დ.კ და გ.ო მას სისტემატურად უკავშირდებოდნენ დარჩენილი თანხის გადახდას დაჟინებით სთხოვდნენ და უმეორებდნენ, რომ საქმეში ჩართული იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები და მათი დახმარებით ბინადრობას აუცილებლად მიიღებდა. აღნიშნულმა მოქალაქემ 1 ოქტომბერს მათ გადასცა თანხის ნაწილი 2500 ლარი. დ.კ და გ.ო მათ მიერ მოთხოვნილი 8000$-დან მოტყუებით დაეუფლნენ 4000 ლარს.
გამოძიება მიმდინარეობს სსსკ-ის 19 -180 მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით და მესამე ნაწილი ბ ქვეპუნქტით. რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.