ქართველი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ცნობილი წევრის შვილი, რომელიც ანტისახელისუფლებო გამოსვლებშიც მონაწილეობდა, მოულოდნელად კალაძის საარჩევნო შტაბში აღმოჩნდა.
“ზოგიერთი ნაცლიდერი უკვე პოლიტსაბჭოს დატოვებისკენ მოუწოდებს ამ კაცს. დაავიწყდათ მისი დამსახურებები და თავდაუზოგავი ბრძოლა წლების განმავლობაში” – აღნიშნავს გოცირიძე.
როგორც მის განცხადებაშია ნათქვამი, მორალური და სამართლებრივი აქსიომაა, რომ შვილმა მშობლებზე არ უნდა აგოს პასუხი და პირიქით.
“წინა კვირას ქოცი დეპუტატის შვილი აღმოჩნდა პროტესტანტთა რიგებში და დიდი ზეიმი იყო ამის გამო ოპოფლანგზე, ახლა გაირკვა, რომ ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ცნობილი წევრის შვილი, რომელიც ანტისახელისუფლებო გამოსვლებშიც მონაწილეობდა, მოულოდნელად აღმოჩნდა კალაძის საარჩევნო შტაბში. ახლა უკვე ქოცებში იქნება ზეიმი და ოპოფლანგზე ტრაური. ზოგიერთი ნაცლიდერი უკვე პოლიტსაბჭოს დატოვებისკენ მოუწოდებს ამ კაცს. დაავიწყდათ მისი დამსახურებები და თავდაუზოგავი ბრძოლა წლების განმავლობაში.
უკვირთ ხოლმე, რატომ ვიყენებ ხოლმე ზოგიერთების ან ზოგიერთი მოვლენის შესაფასებლად ისეთ მძიმე სიტყვას, როგორიცაა ბოლშევიზმი. სექტანტობასაც ვხმარობ ხოლმე იდეურად აღტკინებულების დასახასიათებლად.
მორალური და სამართლებლივი აქსიომაა, რომ შვილი მშობლებზე არ აგებს პასუხს და პირიქით. ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში. კოლექტივისტურ და ტრადიციონალისტურ საზოგადოებაში ოჯახი, თემი, კოლექტივი განაგებს ადამიანის ცხოვრებას, ინდივიდუალისტურ საზოგადოებაში პიროვნების თავისუფლებაა პირველადი. აფრიკული ანდაზაა: “ბავში იბადება სოფლისთვის”. ამით ყველაფერია ნათქვამი-დაბადებიდან თემის ნაწილი ხარ, მას უნდა ემსახურო, თემი აგებს შენზე პასუხს. ჩვენში კოლექტივიზმი ჯერაც მძლავრობს, როგორც კავკასიურ( ევრაზიულ), პოსტსოციალისტურ საზოგადოებაში, ამიტომ ოჯახის ცალკეული წევრის ქმედებაზე სხვა წევრებსაც ვაკისრებთ პასუხისმგებლობას.
თემის ხსენებაზე-ალბათ ყველას დაგვიწერია სკოლაში თემისა და პიროვნების დაპირისპირების შესახებ. სიამაყით გვიყვარს ხოლმე თქმა, რომ ვაჟა ფშაველაზე გაზრდილი ხალხი ვართო. ვაჟა ფშაველაზე გაზრდილი ხალხი ევროპელებია, რომლებიც ადამიანის თავისუფლების პრინციპებს აღიარებენ და რომელთა 99,9 პროცენტმა არც კი იცის ვინაა ვაჟა ფშაველა და ალბათ ნახევარზე მეტს არც შექსპირის შესახებ სმენია რაიმე. მსოფლმხედველობას ცხოვრების წესი აყალიბებს.
ვნახოთ, ჩვენს შემთხვევაში როგორ განვითარდება ეს ამბავი, მხოლოდ პოლიტსაბჭოდან გარიცხვას ანუ თემიდან მოკვეთას მოითხოვენ თუ უფრო მეტ სასჯელსაც დააკისრებენ. ყველაზე მძიმე სცენარი უკვე აკაკი წერეთლის ხაზით მოვლენების განვითარებაა. გამზრდელის ტრაგედიას ვგულისხმბ. ისე, არც გამზრდელი აგებს პასუხს გაზრდილის ქმედებებზე. “შენს ჭკუაზე გაზრდაც” პიროვნების თავისუფლების შეზღუდვაა. აქაც ბალანსია დასაცავი. კიდევ კარგი, მხოლოდ ოჯახი( “გამზრდელი”) არ ახდენს გავლენას ადამიანის ფორმირებაზე, თორემ ფაშისტის შვილი ფაშისტი გამოვიდოდა, კომუნისტის შვილი კომუნისტი, ქოცის შვილი ქოცი, ათეისტის შვილი ურწმუნო ან მორწმუნეს შვილი მორწმუნე. ცხოვრება გაცილებით ღრმა არის და სწორედ ესაა მისი სიდიადე და მომხიბვლელობა. მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგით ცხოვრების აღქმა ისაა, რაზეც ღიზიანდებიან ზოგიერთები ხოლმე, ანუ ამას საბჭოური, ბოლშევიკური ცხოვრების წესი ჰქვია“- წერია განცხადებაში.