გრძელდება თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ნატო-ს სტანდარტის ეფექტიანი და ზუსტი ჯავშანსაწინააღმდეგო შეიარაღების სისტემებით აღჭურვა. ამ თვალსაზრისით, გამოსარჩევია გასულ წელს ჯავშანსაწინააღმდეგო ხელის ყუმბარმტყორცნების მნიშვნელოვანი რაოდენობით შესყიდვა, – ამის შესახებ „სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ პრემიერ-მინისტრის მოხსენებაშია ნათქვამი, რომელსაც ის პარლამენტში 27 ივნისს წარადგენს.
ამასთან, როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, გრძელდება თანამშრომლობა ნატო-ს საჰაერო სიტუაციების შესახებ მონაცემთა გაცვლის (ASDE) პროგრამის ფარგლებში.
„საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების, თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერების, სამხედრო მრეწველობის განვითარების, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის განმტკიცების მიმართულებით.
ტოტალური თავდაცვის ქოლგის ქვეშ, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ეროვნული მედეგობის განმტკიცებას, ტერიტორიული თავდაცვის ორგანიზებას, წინააღმდეგობის ელემენტის შექმნასა და კოორდინაციის მექანიზმების გაძლიერებას.
მიმდინარე წლიდან, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის პროცესის ფარგლებში, დაიწყო არსებული კონცეპტუალური დოკუმენტების გადახედვა. შეფასდება „თავდაცვის სამინისტროს ხედვა 2030“, „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2021 − 2025“ და „თავდაცვის ძალები 2030“ დოკუმენტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება 5 წლის ჭრილში. აღნიშნული შეფასებისა და სამომავლო უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, განხორციელდება თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის ახალი დოკუმენტის (2026 − 2030) შემუშავება, განისაზღვრება სამომავლო ძალთა სტრუქტურა (2035) და განახლდება გრძელვადიანი განვითარების გეგმები.
კარგი მმართველობის პრინციპების განმტკიცების მიზნით, გრძელდება რისკის მართვის სისტემის პრაქტიკაში დანერგვა და დაგეგმვის პროცესში რისკის კომპონენტის ინტეგრირება.
ინსტიტუციური განვითარების ფარგლებში, სამოქალაქო ოფისის მდგრადობის, მოქნილობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია, კერძოდ, ორგანიზაციული მოწყობის თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების საპასუხოდ, მოხდა სამოქალაქო ოფისის ოპტიმალურ სტრუქტურად გარდაქმნა და დაკომპლექტება.
თავდაცვის საშუალებების გაძლიერების მიმართულებით, აღსანიშნავია თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტის − „თავდაცვის ძალები 2030-ის“ პრიორიტეტების წარმატებით შესრულების მიმდინარეობა, რომლის პრიორიტეტები უკავშირდება ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო და საინჟინრო შესაძლებლობების გაძლიერებას. მოხსენების თანახმად, იგი სრულად პასუხობს თავდაცვითი ომის ამოცანებს. ასევე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეროვნული მასშტაბის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მხარდამჭერი შესაძლებლობების განვითარებას.
გრძელდება თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ნატო-ს სტანდარტის ეფექტიანი და ზუსტი ჯავშანსაწინააღმდეგო შეიარაღების სისტემებით აღჭურვა. ამ თვალსაზრისით, გამოსარჩევია გასულ წელს ჯავშანსაწინააღმდეგო ხელის ყუმბარმტყორცნების მნიშვნელოვანი რაოდენობით შესყიდვა.
მიმდინარეობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში უკვე არსებული რადიოლოკაციური სადგურებისა და მართვისა და კონტროლის სისტემების ტექნიკური მომსახურების მრავალწლიანი პროცესი. გაფორმდა ხელშეკრულება ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებით, რომლის მოწოდებაც განხორციელდება ეტაპობრივად. დასკვნით ფაზაშია თანამედროვე მართვის, კონტროლისა და კომუნიკაციის (C3) სისტემის დანერგვა, რომელიც ემსახურება საჰაერო სივრცის ოპერირების კოორდინაციის გაუმჯობესებას.
ამასთან, გრძელდება თანამშრომლობა ნატო-ს საჰაერო სიტუაციების შესახებ მონაცემთა გაცვლის (ASDE) პროგრამის ფარგლებში. 2024 წლის განმავლობაში, წარმატებით დასრულდა ASDE-ის ღია კავშირის განახლების პროცესი. 2025 წლის განმავლობაში ნატო-ს მხარესთან კონსულტაციების ფარგლებში, განისაზღვრება შემდგომი ღონისძიებები, საჰაერო ვითარების შესახებ საიდუმლო მონაცემთა გაცვლის კავშირის დამყარების უზრუნველყოფის მიზნით.
მიმდინარეობს არსებული საარტილერიო შესაძლებლობებისა და ცეცხლის მართვის სისტემების მოდერნიზება, რათა გაიზარდოს თავდაცვის ძალების ოპერატიული წვდომისა და მოწინააღმდეგეზე საცეცხლე ზემოქმედების შესაძლებლობები. დაგეგმილია და მიმდინარეობს საარტილერიო ქვედანაყოფების საარტილერიო ცეცხლის მართვის თანამედროვე ციფრული სისტემებით დაკომპლექტება და საარტილერიო სადაზვერვო საშუალებების შეძენა“,-ნათქვამია პრემიერის მოსხენებაში.
ამასთან, მოხსენებაში აღნიშნულია, რომ გაიზარდა საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფების შესაძლებლობები, მათ შორის, სპეციალური აღჭურვილობისა და ტექნიკის (მობილურობის საშუალებები) განახლების თვალსაზრისით. ამაღლდა საინჟინრო განაღმვის (EOD) ქვედანაყოფების მომზადების დონე, მათ შორის სამოქმედო პროცედურების ინტეგრირებისა და შესაბამისი სასწავლო შესაძლებლობების უზრუნველყოფის შედეგად.
„მიმდინარეობს საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფების მობილურობის შესაძლებლობების ზრდა, მაღალი გამავლობის სპეციალური ტექნიკისა და მობილური ხიდების უზრუნველყოფით. ასევე დაგეგმილია ნატო-ს სტანდარტის შესაბამისი საწვრთნელი ველის მოწყობა.
მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება ქვედანაყოფების მობილურობის, სისწრაფისა და უსაფრთხოების დონის ამაღლებაზე. გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი მანევრისა და გადაადგილების შესაძლებლობების განვითარების კუთხით. მიმდინარეობს ქვედანაყოფების დაკომპლექტება საკუთარი წარმოების „დიდგორის“ ტიპის მსუბუქად შეჯავშნული სატრანსპორტო-საბრძოლო საშუალებებით.
წარმატებით დასრულდა თავდაცვის ძალების ჯავშანტრანსპორტიორების პარკის შევსება თანამედროვე, მრავალფუნქციური დაჯავშნული მანქანებით. ამასთან, 2024 წელს საქართველოს თავდაცვის ძალებმა მიიღო მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილები, ხოლო მიმდინარე წელს დაგეგმილია, როგორც სატვირთო, ასევე მსუბუქი მაღალი გამავლობისა და სატრანსპორტო საშუალებების მიღება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სამანევრო ქვედანაყოფების სხვადასხვა სახის რელიეფზე გადაადგილების უნარს“,-ნათქვამია მოხსენებაში.
მოხსენების თანახმად, ადგილობრივი წარმოების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საავიაციო პარკის აღდგენის პროცესის ფარგლებში, დასკვნით ეტაპზეა საფრენი აპარატების აღდგენითი სამუშაოები.
საავიაციო შესაძლებლობების შენარჩუნების/განვითარების მიზნით, მოდერნიზება ჩაუტარდა სასწავლო/სატრანსპორტო საფრენ აპარატებს, ასევე გარემონტდა შვეულმფრენები და სხვა საფრენი აპარატები.
მიმდინარეობს სპეციალური ოპერაციების სარდლობის თანამედროვე აღჭურვილობით დაკომპლექტება. რეკრუტირების/შენარჩუნების ხელშეწყობის მიზნით, ყოველთვიური დანამატი 1275.5 ლარამდე გაიზარდა. ამასთან, გრძელდება სპეციალური ოპერაციების სარდლობის ინფრასტრუქტურისა და სასწავლო (სიმულაციური) სისტემების განვითარება. სპეციალური ოპერაციების სარდლობის სასწავლო ცენტრისთვის შესყიდულია თანამედროვე სიმულაციური სისტემა, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სპეციალური ოპერაციების ოპერატორების თანამედროვე სტანდარტებით მომზადებას.
დაწყებულია თავდაცვის ძალებში უპილოტო სისტემების ინტეგრირებისა და განვითარების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს თავდაცვის ძალების აღჭურვა-გადაიარაღებას სადაზვერვო, დამრტყმელი და ლოგისტიკური მომარაგების შესაძლებლობების მქონე უპილოტო საფრენი სისტემებით. ამასთან, იგეგმება თავდაცვის ძალების არსებულ სტრუქტურაში საშტატო რეორგანიზაცია და შესაბამისი ქვედანაყოფების ჩამოყალიბება.
მიმდინარეობს მუშაობა კონტრუპილოტო შესაძლებლობების განვითარებაზე. ამ ეტაპზე შესყიდულია უპილოტო საფრენი აპარატების თანამედროვე სტაციონარული, მობილური და გადასატანი აღმომჩენი და ჩამხშობი სისტემები, რომელთა მიღება და ინტეგრირება თავდაცვის ძალებში დაგეგმილია უახლოეს მომავალში.
ბრძოლის ველზე თავდაცვის ძალების დაცული, მდგრადი და ეფექტიანი მართვისა და კონტროლის უზრუნველსაყოფად, მიმდინარეობს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების აღჭურვა მოწინააღმდეგის ელექტრონული ბრძოლის საშუალებებისადმი მდგრადი ტაქტიკური რადიოსისტემებით. აღნიშნული სისტემების ტექნიკური მახასიათებლები თავსებადია ნატო-ს წევრი ქვეყნების რადიოკავშირის საშუალებებთან და უზრუნველყოფს კავშირის მაქსიმალურ დაცულობას.
მდგრადი კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების შესაქმნელად, აქტიურად ხორციელდება კიბერსარდლობის ჩამოყალიბების პროცესი. დაგეგმილია თანამედროვე ტიპის ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობის მშენებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების კიბერუსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის მოწყობის მასშტაბური პროექტის განხორციელება. მიმდინარეობს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის სისტემური განვითარება, რაც მოიცავს თავდაცვის საჭიროებებზე მორგებული თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფების შემუშავებას/დანერგვას და ასევე უსაფრთხოების ტექნოლოგიებისა და სერვერული აპარატურის განახლებას. განხორციელდა კიბერუსაფრთხოების სასწავლო მოდულების ინტეგრირება სსიპ − დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო პროგრამებში. ამასთან, მიმდინარეობს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის რეკრუტირება/გადამზადება“,-ნათქვამია მოხსენებაში.