ჩემი ინფორმაციით, “ქართული ოცნება“ ემზადება საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნების ერთდროულად ჩასატარებლად, ამასთან დაკავშირებით, ძალიან სანდო ინფორმაცია მაქვს , – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემაში “თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, თუ “ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნები თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად დანიშნა, ოპოზიცია მზად უნდა იყოს არჩევნებისთვის.
“ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით – ახლა რაზე უნდა ვილაპარაკოთ?! “ქართული ოცნება“ თავს კი იკატუნებს, მაგრამ ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ამაზრზენად გამოიყურება ცალკარა პარლამენტი. ჩემი ინფორმაციით, “ქართული ოცნება“ ემზადება საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნების ერთდროულად ჩასატარებლად, ამასთან დაკავშირებით ძალიან სანდო ინფორმაცია მაქვს. “ქართული ოცნება“ ამისთვის ემზადება და მთელი მათი შტაბები გადასულია აქტიურ საარჩევნო სამზადისზე. შესაბამისად, თუ საპარლამენტო არჩევნები თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად დანიშნეს, მზად არ უნდა ვიყოთ? პარტიის არსი არის ის, რომ ხელისუფლებაში მოსასვლელად უნდა ემზადებოდეს.
პირველ რიგში, ვფიქრობთ ტყვეები როგორ გამოვიდნენ და მეორე რიგში, არჩევნებს რომ დავანიშვნინებთ, იმ არჩევნებისთვის მზად ვიყოთ და მოვიგოთ…დავანიშვნინოთ არჩევნები, ჩატარდეს მეტ-ნაკლებად სამართლიანი წესებით და დავანგრიოთ იმ არჩევნებში”, – განაცხადა ელისაშვილმა.
გარდა ამისა, ელისაშვილმა ეუთოს გენერალური მდივნის, ერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში ვიზიტზე და მასთან მისი კოალიციის წევრების შეხვედრაზე ისაუბრა.
როგორც ელისაშვილმა განაცხადა, გუნდის პოზიცია იყო, რომ ეუთოს გენერალური მდივანი, მხოლოდ “ქართული ოცნების“ წევრებს არ უნდა შეხვედროდა.
“ეუთოს გენერალური მდივანი არ არის პატარა თანამდებობის ადამიანი და როდესაც აქ ჩამოდის, ისე არ უნდა გვექნა, რომ მისი ვიზიტი მხოლოდ “ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრა ყოფილიყო, ეს იყო ჩვენი გუნდის პოზიცია. გვინდოდა პირადად გვეთქვა მისთვის რეალობა, რაც ქვეყანაში ხდება ამ ხელისუფლების წყალობით.
ეუთო-ს გენერალური მდივნის ჩამოსვლა, არაფერს განსაკუთრებულად არ აძლიერებს “ქართულ ოცნებას“, მაგრამ თუ რამე არ მოგწონს, ჯობია მიხვიდე და პირადად უთხრა და არა პრესკონფერენციით ელაპარაკო. თბილისში ეუთო-ს გენერალურ მდივანს ყოველდღე ვერ შეხვდები. ჩვენმა წარმომადგენლებმა, რაც სათქმელი იყო, ყველაფერი უთხრეს”, – განაცხადა ელისაშვილმა.
ასევე, გადაცემაში, ელისაშვილი სამთავრობო ცვლილებების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძე ცდილობს, წესრიგი დაამყაროს თავის გარშემო და “თავისი ხალხი დანიშნოს“ .
“კობახიძემ დღეს მინისტრი შეცვალა. ქარსელაძე კორუფციაში იყო ჩამხრჩვალი. იმის ნაცვლად, რომ ციხეში იჯდეს და რაც მოპარული აქვს უკან დააბრუნებინონ, თვალზე კურცხლით გააცილეს.
ლილუაშვილი გააგდეს. ყველაზე ხელშეუხებელი თანამდებობა იყო სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრი. გააგდეს იმიტომ, რომ ბაჩიაშვილი გაეპარა. ყველაზე მეტად, ვინც არ უნდა გაპარვოდათ, ის გაეპარათ. არც გომელაურს აქვს კარგად საქმე და არც ლილუაშვილს ჰქონდა.
კობახიძე ცდილობს წესრიგი დაამყაროს თავის გარშემო და თავისი ხალხი დანიშნოს. ფაქტია, შინაგან საქმეთა მინისტრს ჯერ ძვრა ვერ უყო. უშიშროება საერთოდ გაპარტახდა. შეიძლება ასეთი არაპროფესიონალი და არიფი მიიყვანო?! რა იცის ოხანაშვილმა უშიშროების? ვითომ, მაკა ბოჭორიშვილი რაღაცას აკეთებს, ოღონდ ლეგიტიმაცია მიენიჭოთ, დაახლოებით ასეთი რაღაცაა. რა მნიშვნელობა აქვს ვინ მინისტრი მოხსნა და ვინ დანიშნა?!. ლილუაშვილის მოხსნით ძალიან ცუდი საქმე გაუკეთეს უშიშროებას, ასე თუ ისე გაწონასწორებული კაცი იყო და ისეთი ქაჯი არ იყო, როგორც დანარჩენები. ლილუაშვილი, როგორც ზარქუები და სხვა უნახავები რომ არიან, ეგეთი ტიპი არ იყო“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
წყარო