“ძალიან მოიმატა ბრონქიოლიტით გამოწვეულმა ჰოსპიტალიზაციამ,” – აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.
„ბოლო მონაცემებით, გრიპის საერთო წილი 85%-დან 70%-მდე შემცირდა. საბოლოო ჯამში, შემცირების ტენდენციას ვაფიქსირებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, წელს დომინანტური იყო B ტიპის ვირუსი და აქაც შემცირების ტენდენციაა სახეზე. მეორე მნიშვნელოვანია ის, რომ საავადმყოფოებში, მკვეთრად მოიმატა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით გამოწვეულმა ინფიცირებამ. კლინიკებში გრიპის ვირუსი ჩანაცვლდა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით, მისი წილი ავიდა ძალიან მაღალ მაჩვენებელზე. ეს არაპირდაპირ მიმანიშნებელია გრიპის ვირუსის დასრულებისკენ.
კლინიკებში, გრიპის ვირუსთან ერთად მეორე სიხშირით არის რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი. რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის შემთხვევაში, პედიატრიულ კლინიკებში უფრო მეტი მოლოდინი გვაქვს და რეალურადაც ასეა, რომ ძალიან მოიმატა ბრონქიოლიტით გამოწვეულმა ჰოსპიტალიზაციამ. რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი განაპირობებს ორ გართულებას: ფილტვების ანთებას განსაკუთრებით მოზრდილებში და ბრონქიოლიტს 2 წლამდე ასაკის ბავშვებში“,- აღნიშნა ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.