თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ოვალურ ოფისში ზელენსკი – ტრამპის გუშინდელ შეხვედრას სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:
“აღარასდროს აღარ დაიწუწუნოთ ჩვენი ქვეყნის ყოფაზე. ჩვენ მარტო არ ვართ ამ დღეში, უყურეთ ზელენსკი-ტრამპის შეხვედრას და მიხვდებით რომ ამერიკელებმა რაღა თქვან, მგონი ისინი ჩვენზე უარეს დღეში არიან.”- ვკითხულობთ ირაკლი ორქუაშვილის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ზელენსკისა და ტრამპს შორის ოვალურ ოფისში შელაპარაკება მოხდა. ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის მიმართ სიფრთხილისკენ მოუწოდა, ხოლო ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი უპატივცემულობაში დაადანაშაულა. ზელენსკიმ ტრამპს ღიად უსაყვედურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ რბილი მიდგომების გამო. ტრამპი აცხადებდა, რომ პუტინს შეთანხმების გაფორმება სურს.
ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა არ წავიდეს “კომპრომისზე მკვლელთან” – რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმირ პუტინზე მინიშნებით. საუბარში ჩაერთო ასევე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსიც – მან ზელენსკის უთხრა, უპატივცემულობაა ოვალურ ოფისში თქვენი პოზიციის გასატარებლად მოსვლაო, რასაც ტრამპიც დაეთანხმა. მედიასთან საუბრის ბოლოს ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ ის “ძალიან მადლობელი” არ არის და ეს “დიდი სატელევიზიო შოუ იქნება”.