მიმდინარე აქციებისას დაკავებულმა რეზო კიკნაძემ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დაპატიმრებული დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად, შიმშილობა დაიწყო.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში კიკნაძის ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია.
„ 📢 რეზო კიკნაძე მზია ამაღლობელის სოლიდარობის და მხარდაჭერის ნიშნათ შიმშილობა დაიწყო🇬🇪“, – წერს ავსაჯანიშვილი.
შეგახსენებთ, კიკნაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება მზია ამაღლობელს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მზია ამაღლობელი ბათუმში, 11 იანვარს, აქციაზე დააკავეს.
გუშინ საია-ს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამაღლობელმა შიმშილობა დაიწყო.