„უახლოეს პერიოდში დავამტკიცებთ ახალ სტრატეგიულ გეგმას, რომლითაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მომდევნო ოთხი წელი იხელმძღვანელებს“, – ამის შესახებ სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ორდღიანი შეკრების შემდეგ განაცხადა, რომელიც ქართული ფეხბურთის ახალი სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებას მიეძღვნა.
„წინა სტრატეგიული გეგმა, რომლითაც ოთხი წელი ვმუშაობდით, წარმატებული გამოდგა. ამაზე ის მეტყველებს, რომ ეროვნულმა და ასაკობრივმა ნაკრებებმა, ასევე ფუტსალის ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს, წინსვლა გვქონდა მასობრივი და ქალთა ფეხბურთის კუთხითაც.
ამჟამად ჩვენი ორგანიზაცია სხვა რეალობის წინაშე დგას და UEFA GROW-ის ფარგლებში, ჩვენს მეგობრებთან ერთად ვმუშაობთ, რომ ახალი სტრატეგიული გეგმა შევიმუშაოთ, რომელიც 2026-2030 წლებს მოიცავს.
განხილვები მომავალ თვეებშიც გაგრძელდება და საბოლოოდ დავამტკიცებთ გეგმას, რომლითაც სფფ მომდევნო ოთხი წელი იხელმძღვანელებს. გვიხარია, რომ მუშაობაში კლუბებიც ჩაერთვნენ და ჩანაფიქრი კარგად მიიღეს, მათი მონაწილეობა მნიშვნელოვანია“.
UEFA GROW-ის მონაწილეობით გამართული ღონისძიების ფარგლებში სფფ-ის მენეჯმენტისა და სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ქართულ ფეხბურთში არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და მომდევნო წლების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობაში ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.
შეკრება სფფ-ის მენეჯმენტთან და დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან შემაჯამებელი შეხვედრით დასრულდა.
