“რა ჩახედა ყურში დიმიტრი ხუნდაძემ ივანიშვილს, არ ვიცი, მისი ყელ-ყურის ექიმი ყოფილა – არც არავინ იცნობდა, მგონი, ბიძინას გარდა, კაციშვილმა არ იცოდა მცხეთაში, ვინ იყო დიმიტრი ხუნდაძე, გარდა მისი პაციენტებისა”
„ალიას“ დაუკავშირდა, ემიგრაციაში მყოფი ჟურნალისტი, მწერალი დინა მირცხულავა, რომელიც გვიყვება, რომ ემიგრაციაში წასვლა დიმიტრი ხუნდაძემ აიძულა:
“რა ჩახედა ყურში დიმიტრი ხუნდაძემ ივანიშვილს, არ ვიცი, მისი ყელ-ყურის ექიმი ყოფილა – არც არავინ იცნობდა, მგონი, ბიძინას გარდა, კაციშვილმა არ იცოდა მცხეთაში, ვინ იყო დიმიტრი ხუნდაძე, გარდა მისი პაციენტებისა.
2012 წელს მეცხრე არხზე ვმუშაობდი, მცხეთის რაიონი მებარა და მცხეთის “ქართული ოცნების“ მაშინდელი კანდიდატის დიმიტრი ხუნდაძის პიარსაც მე ვაკეთებდი, ბუნებრივია, ასე იყო მაშინ, გეცოდინებათ.
წინასაარჩევნო პერიოდია, მივიღეთ ინფორმაცია, რომ `ნაციონალური მოძრაობის~ წევრი, წეროვანის გამგეობის თანამშრომელი, ნუგზარ ხუხუნეიშვილი, ხალხს ხმების სანაცვლოდ მიწების დარეგისტრირებას პირდება. გავედით გადამღები ჯგუფი ადგილზე, გადავიღე, მაგარი ამბავი მაქვს, ხელისუფლების წარმომადგენელი გამოვიჭირე, თანამდებობის პირი, პირდაპირ გადავაგზავნე მასალა პროდიუსერთან.
მასალაც პირდაპირ გავიდა არხზე.
დამიბარა დიტომ, (იგულისხმება დიმიტრი ხუნდაძე – თ.კ.), ჩემს გარეშე რატომ გაუშვი მასალაო. ავუხსენი, რომ მე მასთან არ ვარ ანგარიშვალდებული, მყავს პროდიუსერი და არხის დირექტორი. – აქ ყველაფერი მე მეკუთვნისო, დამიწყო ახსნა. მაგ პერიოდში, მის სახლში გვქონდა მეცხრე არხს ოფისი, დაქირავებული გვქონდა სახლის ნაწილი და ფულს ვიხდიდით. ფულს ვუხდიდით, „ოცნების“ კანდიდატს, ის საინფორმაციო საშუალება, რომელიც მისსავე პიარს ვაკეთებდით.
ჩავიდა არხის რედაქტორთან, მანანა ელიაშვილთან, არ მიჯერებს დინა, არ მჭირდებაო. მანანამ უპასუხა – მე მჭირდებაო.
ხუხუნეიშვილზე მასალის გაკეთების მერე იმდენად ამითვალწუნა, რომ ოფისში თუ სტუმარი მოდიოდა ჩემთან, მაგასაც მიკონტროლებდა, ჩემს სახლშია ოფისიო – ამბობდა, გეგონება, ფულს არ ვუხდიდით ამ ფართში.
როგორც კი არჩევნები ჩამთავრდა, სახლიდანაც გამოგვაგდო, მჭირდება სახლი მთლიანადო და ოქტომბრის ბოლოს გაგვასახლა ავტოფარეხში.
არჩევნების მერე, მარტო სახლის კარი კი არ დაგვიკეტა, ბიუროს კარიც დაკეტა მოსახლეობისთვის, არჩევნების მერე ნულოვანი ურთიერთობა მოსახლეობასთან.
ხუხუნეიშვილი, ის ნუგზარ ხუხუნეიშვილი, რომელზე გაკეთებული მასალის გამო ამითვალწუნა, მალევე დაპორტირდა „ქართულ ოცნებაში“ და ის ჩვენი გადაღებული ვიდეოც გაქრა ინტერნეტიდან, თუმცა, მე შენახული მაქვს ვიდეოს ასლი. დაპორტირდა ნუგზარ ხუხუნეიშვილი და გამგებლის მოადგილედაც დაწინაურდა. მე კი დავრჩი უმუშევარი, მას შემდეგ, რაც ტელევიზია დაიკეტა. მივედით მე და ჩემი მძღოლი, ხუნდაძესთან, სამსახურის სათხოვნელად. მძღოლს ეუბნება, ვერ დაგაწყებინებ სამსახურის – დიპლომი არა გაქვსო. – მე ხომ მაქვს დიპლომი? – ვერთვები საუბარში. – 11 ათასმა ამომრჩეველმა ამირჩია, ყველა სად დაგასაქმოთ! – დამმოძღვრა და გამოგვიშვა.
თავისი შვილი ხომ კარგად დანიშნა სემეკში? ამბობდა მერე, ინგლისური იცისო, რამდენმა ადამიანმა იცის ინგლისური იმ 11 ათასი ამომრჩევლიდან?
რამდენიმე თვეში, მცხეთის მერის არჩევნები გაიმართა, მეორე ტური დასჭირდა “ქართულ ოცნებას”, არც ერთ რეგიონში არ დასჭირვებიათ მეორე ტური, მარტო მცხეთაში დასჭირდათ, მოსვლიდან, რამდენიმე თვეში, ისეთ დღეში ჩაყარა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ხუნდაძემ, დაშალა და დაპორტირებული ხალხი დაასაქმა ყველგან.
გადის სამი წელი, ისევ უმუშევარი ვარ. მივედი საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გურამ ანსიანთან, ვთხოვე, დევნილი ვარ, მარტოხელა დედა ვარ, 9 წლის შვილი მყავს და რამე სამსახური დამაწყებინე, რომ შვილი გამოვკვებო-მეთქი.
დამაწყებინა პრესსამსახურში მუშაობა. პარალელურად გაზეთს „მცხეთა“ უშვებდა საკრებულო და იქ ვწერდი ხოლმე, ვწერდი მიწისქვეშა გადასასვლელებზე, პარკირების პრობლემებზე, ვწერდი, როგორ იყიდა ქალაქის მერმა რამდენიმე ათასი ნერგი, რომელიც, ყიდვის პროცესშივე უკვე ხმელი და გამოუსადეგარი იყო… გაზეთის რედაქტორმა, თამარ თათარაშვილმა ამიკრძალა სტატიების წერა მალევე. ამასობაში, ხუნდაძემ გურამ ანსიანის კანდიდატურა დაიწუნა, პირდაპირ შემოუთვალა, ჭკვიანი კაცი ხარ და ფულს ვერ გპარავ, ამიტომ, უნდა წახვიდეო.
მოიყვანა თავისი ბიძა, ჯემალა (ასე ვეძახი მე, ჯემალაა და იმიტომ) სოლოღაშვილი, დიტო ხუნდაძის ბიძა, მამიდას ქმარი და წარადგინა საკრებულოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატად. კონკურენტი არ ჰყავდა ამ ჯემალას, მარტო იყრიდა კენჭს, ორჯერ არ დაუჭირეს მხარი, ორჯერ არ აირჩიეს, მესამედ კანდიდატურის წარდგენის უფლება აღარ ჰქონდათ კანონის მიხედვით, მაგრამ ხუნდაძის დაჟინებული მოთხოვნით, მესამედაც წარადგინეს, მესამედ უკვე საკრებულოს დეპუტატები დაიბარეს, უთხრეს, ვის როგორ უნდა შემოეხაზა ჯემალას კანდიდატურა, ზოგს წერტილი უნდა დაესვა, ზოგს მრგვალად შემოეხაზა და ზოგს ოთხკუთხედად – რომ ზუსტად სცოდნოდათ, ვინ მისცა ხმა.
დააშინეს დეპუტატები და აარჩევინეს ჯემალა, ორჯერ ვერ გატეხეს, მესამედ მაინც გატეხეს, ოჯახები ჰყავთ, არ გაემტყუნებათ.
მოვიდა ჯემალა და განაცხადა, არ იცის წერა დინა მირცხულავამო და გამომიშვა. წავედი გუბერნატორთან, გოჩა ზეიკიძე იყო მაშინ, ვთხოვე: – კარგი, წერა არ ვიცი, ნუ ვიცი, სხვაგან გადამიყვანეთ, მშიერს ნუ დამიტოვებთ შვილს.
დაურეკა ჩემს თვალწინ გუბერნატორმა, საკრებულოს თავმჯდომარე ჯემალას, დიმიტრი ხუნდაძის ბიძას და ეუბნება, ეს ერთი დევნილი გოგო გვყავს მცხეთაში, მივხედოთ, რა მოხდებაო.
მესმის, ჯემალა პასუხობს: – ეგ თუ დარჩება, მე მომიწევს წასვლაო.
რას ნიშნავდა, მოუწევდა წასვლა? დაბარებული ჰქონდა ხუნდაძეს, ხო?
2013 წლიდან მცხეთის გამგეობაში აქვს ხუნდაძეს ბიურო და კაპიკს არ იხდის, კომუნალურების ფულსაც არ უხდის გამგეობას.
2016 წელს, მთელმა საქართველომ ნახა, ცეზარ ჩოჩელმა მოუგო არჩევნები დიტო ხუნდაძეს. ქსნის ციხეზე ვერ შევედით, წეროვანის დასახლებაში სპეცრაზმი ჰყავდათ კიდევ და ასე „მოგვიგეს“ 44 ხმით.
„პატრიოტთა ალიანსმა“ მოაგებინა არჩევნები, ხმები გადაუფორმა – ახლა რომ არ მოსწონს, იმ „პატრიოტთა ალიანსმა“.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ძალიან დიდი სხვაობით წააგო მცხეთაში „ქართულმა ოცნებამ“. „ქართული ოცნების“ მომხრე ყველა მოიქნია.
ჩვენი მეგობარი, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, გ.ლ. 2012 წელს ქუჩა-ქუჩა უგროვებდა ხმებს, შშმ შვილი ჰყავდა ამ ბიჭს და ეტლით დაჰყავდა შვილი და ისე დადიოდა ქუჩებში, ეს ბავშვიც კი ხმებს უგროვებდა დიტო ხუნდაძეს.
გარდაეცვალა მერე გ.ლ.-ს შვილი, ის ბავშვი, რომელიც ეტლით დადიოდა ქუჩებში და ისე ეხმარებოდა, რომ „ქართულ ოცნებას“ გაემარჯვა და სამძიმარზეც არ მივიდა ოჯახში ხუნდაძე.
ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ მოუგია მიშას არჩევნები მცხეთაში, ვერ იტანდა ამის გამო მცხეთას, რომ ჩამოდიოდა, ჩოჩელს ხელსაც არ ართმევდა – ზუსტად იმის გამო, რომ მცხეთა ყოველთვის იყო ოპოზიციურად განწყობილი ქალაქი და ნაცებს ხმას არ აძლევდნენ და რა გაუკეთა ამ ქალაქს დიტო ხუნდაძემ ისეთი, როგორ მოექცა ასე, რომ „ქართულ ოცნებას“ აღარ აძლევენ ხმას და ყველამ ვნახეთ, რომ ჩოჩელმა მოუგო 2016 წელს, რომ არა ის მეთოდები, რომელიც გამოიყენეს და შეცვალეს შედეგები.
2016 წელს, მეც ჩოჩელს ვეხმარებოდი, მწერდნენ მაშინ დიტო ხუნდაძის ახლობლები, სად წახვალ, დავინახავთო.
წამოვედი ემიგრაციაში, ვარ იძულებით ემიგრაციაში, ზუსტად დიმიტრი ხუნდაძის და მისი პოლიტიკის გამო ვარ წამოსული იძულებით ემიგრაციაში.
სანამ ეგ კაცია, მცხეთაში ნორმალურ ადამიანებს გასაქანი არა გვაქვს. ვერ იტანს დიტო ჭკვიან, განათლებულ ხალხს, ამიტომ დაგვშალა.
ახლა იძახდა, მანდატსაც კი დავტოვებ, თუ საჭირო გახდაო – რატომ არ დატოვებს? ტენდერს ვერ მოიგებდი ამდენი წლის მანძილზე მცხეთაში, მაგის ახლობელი თუ არ იყავი.
მაგისი ოჯახის წევრი, ია ხუნდაძე – ორ სამსახურში მუშაობდა, „არენდი ჯგუფში“, კობა ნაყოფიასთან, კაჭრეთში და პარალელურად თბილისში, „დემოგრაფიის განვითარების ფონდში“ – არავის უკითხავს, როგორ ახერხებდა კაჭრეთში და თბილისში ერთდროულად ყოფნას.
რატომ არ დატოვებს მანდატს რა, ვისია მცხეთის საავადმყოფო? რატომ არ დატოვებს მანდატს რა, სახლი არა აქვს რამდენიმე, ნაკვეთი არა აქვს ურეკში, თუ რა აკლია? იმათ რა ქნან, ვინც თავი შეაკლა მაგასთან ბრძოლას? ვაჟა ბაინდურაშვილს გული გაუსკდა, ხუნდაძესთან ბრძოლაში და დაპირისპირებაში.
ვაჟა თათარაშვილი, სანამ ცოცხალი იყო, ყოველ დღე მიდიოდა ბიუროში, ყოველ დღე სთხოვდა დახმარებას – ისიც გარდაიცვალა.
ზოგი გარდაიცვალა, ზოგი ბედს შეეგუა, უმეტესობა კი დავიქსაქსეთ, მე შვილის გამოსაკვებად, თავის სარჩენად, იძულებით ემიგრაციაში ვარ და სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი კიდევ ერთხელ, დიმიტრი ხუნდაძის „დამსახურებაა“ ჩემი და ჩემი შვილის იძულებითი ემიგრაცია.
საქართველოში დიმიტრი ხუნდაძემ დინა მირცხულავასთვის, გოგოსთვის, რომელმაც „წერა არ იცის“ (როგორც ბიძამისს ათქმევინა), ერთი სამუშაო ადგილი არ დატოვა, ყველა დაბლოკა.
რა ჩახედა ასეთი ყურში ივანიშვილს, მაინც არ მაქვს ამაზე პასუხი!“
„ალია“ კიდევ რამდენიმე ადამიანი დაუკავშირდა მცხეთიდან. გვიყვებიან ხუნდაძის ბაბუაზეც კი ისტორიებს, სწორედ ბაბუას ამსგავსებენ დიმიტრი ხუნდაძეს და რით ამსგავსებენ – მაგას შემდეგ ნომერში მოგიყვებით.
გვიყვებიან ტენდერებზე, რომლებიც ხუნდაძის ახლობლებმა მოიგეს.
გვიყვებიან ხუნდაძის სახლებზე და ქონებაზე. გვიყვებიან ხელშეკრულებაზე, რომელიც რეალურად შედგა და სადაც წერია, ჩვენ „პატრიოტთა ალიანსი“ ჩვენს ხმებს – ამდენს და ამდენს – ვაძლევთ დიმიტრი ხუნდაძეს.
„ალიამ“ არაერთხელ სცადა დიმიტრი ხუნდაძესთან დაკავშირება, მაგრამ ის ჩვენს ზარს არ პასუხობს.
იქნება, მომავალ ნომრამდე ინებოს და კითხვებზე პასუხის გაგვცეს.
მანამდე კი, კიდევ ერთი ქალბატონი, რომელმაც არ ისურვა ვინაობის ღიად დასახელება, 20.10. 2018 წლის ამბავს გვახსენებს:
„2018 წლის 20 ოქტომბერს, კურიერის ანონსი მაქვს გადმოწერილი, ანონსში საუბარი იყო ჩინოვნიკების სახლებზე და ქონებაზე, მათ შორის დიმიტრი ხუნდაძის ქონებაზე და სასახლეებზე საუბარიც დაანონსდა – მაგრამ „კურიერში“ დიმიტრი ხუნდაძეზე სიუჟეტი არ გავიდა.
არც ისე პატარა წონის ყოფილა დიმიტრი ხუნდაძე ნაცებისთვის და ივანიშვილისთვის, რომ მის ქონებაზე გადაღებული მასალა ამოიღეს „კურიერიდან“. მაშინ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, იმიტომ ამოიღეს ჩემს ქონებაზე მასალა, რომ არასწორი ინფორმაცია იყოო. ძალიან გთხოვთ, კითხეთ, დანარჩენებზე, ვის სახლებზეც არ ამოიღეს მასალები და გაუშვეს – ყველაზე მართალი იყო, გამოდის? მხოლოდ ხუნდაძის სახლზე იყო მცდარი ინფორმაცია? „კურიერი“ სვავს რომ ეძახდა ივანიშვილის, ეგაც მართალი ინფორმაცია იყო და იმიტომ ამბობდა „კურიერი“ და მხოლოდ ხუნდაძის ქონებაზე მომზადებული სიუჟეტი იყო ტყუილი?“
ვკითხავთ პირადად, თუ გვიპასუხა, მანამდე კი, აქედან ვეკითხებით, „ალიადან“.
დინა მირცხულავას დავესესხები და მეც მაქვს კითხვა: – რა დაინახეთ ივანიშვილს ყურში ასეთი, ბატონო დიმიტრი, რომ ამდენი წელია გარანტირებული გაქვთ მმართველ გუნდში ჯდომა?
წყარო: alia.ge
579 ნახვა