მრავალი წელია, რაც აშშ-ს მწვანე ბარათის (Green Card-ის) გათამაშება ჩვენს ქვეყანაში უამრავი სპეკულაციის, ჭორის და მითქმა-მოთქმის გამომწვევია. ბევრისთვის მისი მოგება სამუდამო ბედნიერებასთან ასოცირდება, ბევრს არასწორი წარმოდგენა აქვს გათამაშების პრინციპებზე
რა არის მწვანე ბარათი?
მწვანე ბარათი, ანუ Green Card, აშშ-ს საემიგრაციო სტატუსის დამადასტურებელი ბარათის არაფორმალური სახელია. ამ სტატუსს აშშ-ს მუდმივი რეზიდენტი ეწოდება და მფლობელს უფლებას აძლევს, ლეგალურად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისარგებლოს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით, მიიღოს კრედიტი შეღავათიანი პირობებით და ჰქონდეს აშშ-ს სოციალური დაზღვევის ნომერი (Social Security Number).
რა არ არის მწვანე ბარათი?
მწვანე ბარათის ფლობა არ ნიშნავს აშშ-ს მოქალაქეობის მიღებას. მოქალაქეობა ცალკე მდგომი, უმაღლესი სტატუსია. მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის მიღებაც შეუძლია, მაშინ, როცა მწვანე ბარათის მფლობელს ამის უფლება არ აქვს. მოქალაქეობის მოპოვება უფრო რთული პროცესია, თუმცა ამაზე ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ.
რატომ ტარდება მწვანე ბარათის გათამაშება და ვინ ატარებს მას?
ე.წ. მწვანე ბარათის ლატარია, ოფიციალურად კი “მრავალფეროვანი იმიგრაციის სავიზო პროგრამა” აშშ-ს კონგრესის დამტკიცებული გათამაშებაა, რომელსაც წელიწადში ერთხელ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ატარებს.
ყოველწლიურად ამ ლატარიით 50 ათასი მწვანე ბარათი თამაშდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც. პროგრამის მიზანი აშშ-ს მოსახლეობის მრავალფეროვნების შენარჩუნება და სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის, აშშ-ში ლეგალურად ცხოვრების და მუშაობის უფლების მინიჭებაა.
როგორ უნდა მივიღო მონაწილეობა?
გრინ ქარდის გათამაშებაში მონაწილეობის მიღება ძალიან მარტივია. საკმარისია, იცოდეთ ელემენტარული ინგლისური, რათა შეავსოთ გათამაშების ოფიციალური ფორმა.
ფორმა ივსება მხოლოდ და მხოლოდ (!) ერთ საიტზე და მისი მისამართია https://www.dvlottery.state.gov. ეს არის ერთადერთი ოფიციალური საიტი და მხოლოდ აქ შევსებულ ფორმაზე გაქვთ სრული გარანტია, რომ თქვენი მონაცემები გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.
რა ღირს ლატარიაში მონაწილეობა?
მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობა აბსოლუტურად უფასოა. სხვადასხვა თანხის გადახდა მოგიწევთ მხოლოდ მაშინ, თუ გაიმარჯვებთ. მოგებულ აპლიკანტებს ბევრი საბუთის შეგროვება და მოსაკრებლის გადახდა უწევთ, თუმცა ფორმის შევსება ოფიციალურ საიტზე და მონაწილეობის მიღება სრულიად უფასოა.
მე ვიცი, რომ მწვანე ბარათის ლატარია ფასიანია…
არა, მასში მონაწილეობა სრულიად უფასოა. თუმცა, არსებობს ძალიან (ძალიან) ბევრი კომპანია, რომელიც ამ მომსახურებას ყიდის. რეალურად, ისინი უმარტივესი ფორმის თქვენ მაგივრად შევსებაში იღებენ ფულს. შესაძლოა ეს ვინმესთვის მიმზიდველი სერვისი იყოს, თუმცა გვერწმუნეთ, არ ღირს ეს პროცესი სხვას ანდოთ.
ასეთი კომპანიების სერვისის გამოყენებისას არასოდეს ხართ დარწმუნებული, ნამდვილად შეავსებენ თქვენს ფორმას თუ უბრალოდ თაღლითებთან გაქვთ საქმე. ცხადია, არსებობს კეთილსინდისიერი კომპანიებიც, მაგრამ ზედმეტ რისკს, სჯობს თავად შეავსოთ გათამაშების ფორმა, როგორც აღვნიშნეთ, ამ ერთადერთ ოფიციალურ საიტზე: https://www.dvlottery.state.gov
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს. სავალდებულოა აკმაყოფილებდეთ მხოლოდ ერთ პირობას ამ ორიდან:
გქონდეთ დამთავრებული საშუალო სკოლა, მინიმუმ 11 კლასი;
ან
გქონდეთ მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი სტაჟი უკანასკნელი 5 წლის მანძილზე, აშშ-სთვის საინტერესო სფეროებში (პროფესიების და სფეროების ჩამონათვალი იხილეთ აქ).
გაითვალისწინეთ, რომ სკოლის დამთავრების ან სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტები მონაწილეობის ფორმის შესავსებად საჭირო არ არის. ფორმის შევსებით თქვენ უბრალოდ ეთანხმებით, რომ ამ ორი მოთხოვნიდან ერთ-ერთს მაინც აკმაყოფილებთ. საბუთების წარდგენა მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში გახდება საჭირო.
რა მონაცემებია საჭირო ფორმის შესავსებად?
ფორმაში უთითებთ ძირითად მონაცემებს თქვენ შესახებ: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, მისამართი და ტელეფონის ნომერი, ხართ თუ არა ქორწინებაში და რა ტიპის განათლება გაქვთ მიღებული. ასევე, საჭიროა ფოტოსურათი.
დამატებით, თუ დაქორწინებული ხართ, იგივე მონაცემები და ფოტოები იქნება შესავსები თქვენი მეუღლისთვის და თქვენი ყველა შვილისთვის. ქორწინებაში იგულისხმება მხოლოდ ოფიციალური ხელმოწერა, ქორწინების მოწმობით.
როგორი უნდა იყოს ფოტოსურათი?
ფოტო: on.ge
ფოტო უნდა იყოს ე.წ. “საბუთის ფოტო”, კონკრეტულ ზომაში და პარამეტრებში. ყველგან, სადაც საბუთის ფოტოებს იღებენ, ეს მოთხოვნები უკვე ზეპირად იციან. უბრალოდ ეტყვით, რომ მწვანე ბარათისთვის გჭირდებათ ფოტო და ყველაფერს თავად მიხედავენ. ასევე, ეს მოთხოვნები თქვენც გაითვალისწინეთ და გადაამოწმეთ, ხომ არ არღვევს რომელიმე პირობას თქვენი ფოტო:
– ფოტო უნდა იყოს ფერადი, კვადრატული, ზომით 600 პიქსელი 600 პიქსელზე.
– ფაილი უნდა იყოს მაქსიმუმ 240 კილობაიტის (kb) ზომის, JPG ფორმატში.
– თქვენი სახე (ნიკაპიდან შუბლამდე) უნდა იკავებდეს მთელი ფოტოს სიმაღლის 50%-დან 69%-მდე ნაწილს. (უფრო ზუსტად წარმოსადგენად, იხილეთ ფოტოს შაბლონი).
– უნდა იყოს გადაღებული ფორმის შევსებამდე მაქსიმუმ 6 თვით ადრე.
– ფონზე უნდა იყოს ნეიტრალური, თეთრი ფერი, კედელზე არ უნდა ეცემოდეს თქვენი ჩრდილი.
– უნდა იყურებოდეთ პირდაპირ კამერაში, არ უნდა იღიმოდეთ ან იბღვირებოდეთ, მიიღეთ ნეიტრალური სახე.
– ფოტოს გადაღებისას, ჩაიცვით ჩვეულებრივი ტანსაცმელი, განსაკუთრებულად გამოწყობა საჭირო არ არის. არ –
შეიძლება გეცვათ სამხედრო, პოლიციის ან სხვა სპეციალური უნიფორმა. არ შეიძლება გეხუროთ ქუდი ან ნებისმიერი სხვა თავსაფარი.
– ნებისმიერი ასაკის ბავშვის ფოტოში უნდა ჩანდეს მხოლოდ ბავშვი. არ შეიძლება ფოტოში ბავშვთან ერთად ჩანდეთ თქვენ ან ვინმე სხვა.
– წელს შემოღებული ახალი წესით კი, ფოტოს გადაღება სათვალეებით უკვე აღარ შეიძლება.
– ფოტოს გადაღების სრული ინსტრუქცია და მოთხოვნები შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ საიტზე. როდესაც ფოტო მზად გექნებათ, უკვე შეგეძლებათ ფორმის შევსება.
კიდევ რა უნდა გავითვალისწინო ფორმის შევსებისას?
მიაქციეთ ყურადღება ინფორმაციის სიზუსტეს. არაფერი შეგეშალოთ, თორემ გამოსწორების შანსი აღარ გექნებათ.
აუცილებლად დაუკვირდით, როგორ წერთ სახელსა და გვარს — ფორმაში ეს ველი უნდა შეავსოთ ზუსტად ისე, ლათინური ასოებით, როგორც ეს პასპორტში წერია.
გაითვალისწინეთ, რომ მეუღლის და შვილების შესახებ ინფორმაციის შევსება სავალდებულოა. გამარჯვების შემთხვევაში, თქვენთან ერთად მწვანე ბარათს მიიღებენ მეუღლეც და შვილებიც 21 წლამდე. თუ ფორმის შევსებისას მათ მონაცემებს არ, ან არასწორად მიუთითებთ, ისინი ამ შანსს დაკარგავენ.
ასევე გირჩევთ, შეავსოთ ფორმა თქვენი მეუღლის სახელზეც. ამით, თქვენს ოჯახს გამარჯვების ორმაგი შანსი აქვს — თუ მოიგებს თქვენი მეუღლე, მწვანე ბარათი ავტომატურად გერგებათ თქვენც და თქვენს შვილებსაც.
ფორმა შევავსე, ახლა რა ვქნა?
ახლა, დაელოდეთ მომავალ წელს. გათამაშება ყოველ წელს, ოქტომბერ-ნოემბერში იმართება და პასუხები მომავალი წლის 2 მაისიდან ხდება ცნობილი.
აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ერთ ადამიანს ფორმის შევსება მხოლოდ ერთხელ შეუძლია. არ შეავსოთ ფორმა ორჯერ ერთი ადამიანისთვის, გამარჯვების შემთხვევაში, ორჯერ შევსებული ფორმა მწვანე ბარათს დაგაკარგვინებთ.
რაც ყველაზე მთავარია: ამოიწერეთ და კარგად შეინახეთ ფორმის შევსების შემდეგ გამოსული დასტურის ნომერი (Confirmation number). საუკეთესო ვარიანტია, დააკოპიროთ ეს ნომერი და საკუთარ თავს გაუგზავნოთ ელფოსტით. ამ ნომრის გარეშე შეუძლებელია გაიგოთ, გაიმარჯვეთ თუ არა გათამაშებაში.
როგორ გავიგებ, თუ გავიმარჯვე?
ყოველ წელს, მაისის თვიდან ხელმისაწვდომი ხდება წინა წლის გათამაშების შედეგების შემოწმების ფუნქცია ოფიციალურ ვებსაიტზე. ანუ, თუ მონაწილეობას წლევანდელ, 2021 წლის გათამაშებაში მიიღებთ, რომელიც 5 ნოემბრამდე გრძელდება, შედეგების ნახვა 2021 წლის მაისიდან შეგეძლებათ (წინა წელს 7 მაისიდან დაიწყო).
ლატარიის საიტზე შესვლისას წინა წლის შედეგების შესამოწმებელი ფორმა დაგხვდებათ. შედეგის სანახავად საჭირო იქნება დასტურის ნომერი (Confirmation number), რომელიც ფორმის შევსების შემდეგ მიიღეთ, თქვენი გვარი და დაბადების წელი.
მოინიშნეთ ეს თარიღი და არ დაგავიწყდეთ თქვენი შედეგის შემოწმება. გამარჯვების შემთხვევაში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი თავად არ დაგიკავშირდებათ. თუ შედეგს არ შეამოწმებთ და, გამარჯვების შემთხვევაში, შემდგომ ინსტრუქციებს არ მიჰყვებით, მოგებულ გრინ ქარდს დაკარგავთ.
რა ხდება გამარჯვების შემდეგ, უკვე ჩემია მწვანე ბარათი?
გათამაშებაში გამარჯვება მწვანე ბარათის მიღების პროცესის მხოლოდ დასაწყისია. ასე რომ, სახლის გაყიდვას და უფროსის ლანძღვით სამსახურიდან წამოსვლას ნუ იჩქარებთ.
გამარჯვებით თქვენ ღებულობთ მხოლოდ გარანტიას, რომ აშშ განიხილავს თქვენს მოთხოვნას იმიგრაციაზე. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება, მიიღებთ თუ არა მწვანე ბარათს, მხოლოდ საბუთების შეგროვების, გასაუბრების და სხვა პროცედურების გავლის შემდეგ მიიღება. ეს პროცესი შეიძლება რამდენიმე თვიდან ერთ წლამდეც გაგრძელდეს.
გამარჯვების შემდეგ საჭირო იქნება სპეციალური DS-260 ფორმის შევსება ოფიციალურ ვებსაიტზე. ფორმაში კიდევ ერთხელ უთითებთ თქვენს პირად და თქვენი ოჯახის — მეუღლის და 21 წლამდე ასაკის შვილების მონაცემებს. ფორმის შევსების შემდეგ, აუცილებლად უნდა ამობეჭდოთ საბოლოო დასტურის გვერდი (Confirmation page). მის გარეშე გასაუბრებაზე არ დაიშვებით.
ფორმის შევსების შემდეგ მონაცემებს დაამუშავებს კენტუკის საკონსულო ცენტრი (KCC) აშშ-ში და მიიღებთ უნიკალურ ნომერს და თარიღს, როცა უნდა მიხვიდეთ თბილისში, აშშ-ს საელჩოში დანიშნულ გასაუბრებაზე.
რა ხდება საბოლოო გასაუბრებაზე?
თბილისში აშშ-ს საელჩოში საკონსულო ოფიცერს გაესაუბრებით, სადაც საბოლოოდ გარიკვევა, მიიღებთ თუ არა თქვენ და თქვენი ოჯახი (მეუღლე და შვილები 21 წლამდე) მწვანე ბარათებს.
გასაუბრების თარიღამდე აუცილებლად უნდა მოაგროვოთ საჭირო საბუთები. პირველ რიგში, იმ ორი აუცილებელი პირობიდან ერთ-ერთის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ — 11 კლასის დასრულების ატესტატი ან მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი მოწმობა. კვალიფიკაციის ამ ფორმით დადასტურება საჭიროა მხოლოდ გამარჯვებული პირისთვის, ოჯახის წევრებს ეს არ მოეთხოვებათ.
გარდა კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთისა, დამატებით სხვა დოკუმენტების მოგროვებაც საჭიროა. მიმდინარე წლისთვის აუცილებელი საბუთების ჩამონათვალი ამ გვერდზეა მოთავსებული. სია საკმაოდ გრძელია, ამიტომ გასაუბრებისთვის მზადება მაქსიმალურად ადრე უნდა დაიწყოთ.
გარდა სტანდარტული დოკუმენტებისა, ადგილობრივი საელჩო შესაძლოა ითხოვდეს დამატებით მასალებს. აუცილებლად გადაამოწმეთ თბილისის საელჩოს მოთხოვნებიც იმავე გვერდზე. ამჟამინდელი მოთხოვნები თბილისში მდებარე აშშ-ს საელჩოდან ამ ბმულზეა მოთავსებული და მათ შორისაა ცნობები ნასამართლეობის შესახებ, ჯანმრთელობის ცნობები და სხვა.
გავიარე გასაუბრება. დასრულდა ეს ჯოჯოხეთი?
თითქმის. გასაუბრების წარმატებით დასრულების შემდეგ, დაახლოებით 60 დღის ვადაში, თქვენ ფოსტით მიიღებთ ე.წ. სავიზო პაკეტს. ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პაკეტი არ გახსნათ! იგი უნდა გახსნას მხოლოდ აშშ-ს მესაზღვრემ ტერიტორიაზე პირველად შესვლისას. აშშ-ში პირველი გამგზავრება პაკეტის მიღებიდან 6 თვის ვადაში უნდა დაგეგმოთ.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისვე რჩევით, სანამ სავიზო პაკეტი თქვენს ხელში არ იქნება, ნუ მიიღებთ სერიოზულ გადაწყვეტილებებს, ნუ გაყიდით სახლს და იყიდით ავიაბილეთებს. დაელოდეთ, სანამ მიიღებთ ამ პაკეტს და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედეთ, რადგან არავინ იცის, რა პრობლემა შეიძლება გამოხტეს აშშ-ს მთავრობის ბიუროკრატიის ჯუნგლებში.
გამარჯვების შემთხვევაში აშშ-ში წასვლა აუცილებელია? სულ იქ უნდა ვიცხოვრო?
არა, აშშ-ში წასვლას არავინ გავალდებულებთ. თუმცა, ჩვენი რჩევა იქნება, თუ არ გსურთ ამერიკაში ცხოვრება, საერთოდ ნუ მიიღებთ მონაწილეობას გათამაშებაში და ნუ შეუმცირებთ შანსს მათ, ვისთვისაც გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია.
მწვანე ბარათის მიღების აუცილებელი პირობაა, რომ აშშ-ში ცხოვრობდეთ წელიწადში მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. დანარჩენ პერიოდში, შეგიძლიათ თავისუფლად იაროთ სხვა ქვეყნებში და გაჩერდეთ იქ არაუმეტეს დარჩენილი 6 თვისა.
შეიძლება მიღებული გრინ ქარდი დავკარგო?
კი, მწვანე ბარათის გაუქმება შესაძლებელია და ასეთ დროს მაშინვე მოახდენენ თქვენს დეპორტირებას აშშ-ს ტერიტორიიდან.
გაუქმების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს მოგზაურობის პერიოდის დარღვევა. თუ თქვენ ყოველი წლის მანძილზე მინიმუმ 6 თვეს აშშ-ს ტერიტორიაზე არ გაატარებთ, თქვენი სტატუსი გაუქმდება. ასევე, შეიძლება შეგექმნათ პრობლემა, თუ შეიცვლით აშშ-ში საცხოვრებელ ადგილს და ამის შესახებ არ აცნობებთ საემიგრაციო სამსახურს.
მთავარი მიზეზი, რის გამოც თქვენი მწვანე ბარათი შესაძლოა გაუქმდეს, არის დანაშაულის ჩადენა. ნებისმიერი ტიპის კრიმინალური ქმედების შემთხვევაში, თქვენი საქმე გადაეცემა საემიგრაციო მოსამართლეს, რომელიც, მაღალი ალბათობით, თქვენი დეპორტაციის გადაწყვეტილებას მიიღებს.
მაქვს შანსი გავხდე აშშ-ს ნამდვილი მოქალაქე?
როგორც უკვე ვთქვით, მწვანე ბარათი არ ნიშნავს აშშ-ს მოქალაქეობას. მწვანე ბარათს თავისი შეზღუდვები აქვს (მაგალითად, აშშ-ში მინიმუმ 6 თვის გატარება წელიწადში) და არსებობს მისი გაუქმების საფრთხეები.
მოქალაქედ გახდომა კი ამ შეზღუდვებს და საფრთხეებს ხსნის — მოქალაქეებს შეუძლიათ ნებისმიერი დროით იმოგზაურონ და დარჩნენ სხვა ქვეყნებში და არ ეშინოდეთ აშშ-დან დეპორტაციის.
მოქალაქეობის მიღების პროცესს ნატურალიზაცია ეწოდება და მისი დაწყება გამარჯვებულს მწვანე ბარათის მიღებიდან 5 წლის შემდეგ შეუძლია. ანუ, თუ თქვენ 5 წლის მანძილზე “წესიერი” მუდმივი რეზიდენტი იქნებით, წელიწადში მინიმუმ 6 თვეს აშშ-ში დაჰყოფთ და დანაშაულს არ ჩაიდენთ, შეძლებთ გახდეთ ამერიკის სრულუფლებიანი მოქალაქე.
ეს პროცესი საკმაოდ გრძელვადიანია და უამრავი ბიუროკრატიული სალტოს გაკეთებას მოითხოვს. მათ შორისაა ნატურალიზაციის გამოცდის ჩაბარებაც, სადაც უნდა დაამტკიცოთ, რომ ფლობთ ინგლისურად წერის, კითხვის და მეტყველების ელემენტარულ უნარებს, იცნობთ აშშ-ს ისტორიას და სახელმწიფო მოწყობის პრინციპებს. დამატებითი ინფორმაცია ნატურალიზაციის პროცესის შესახებ, აშშ-ს სახელმწიფო საიმიგრაციო სტრუქტურის საიტზე შეგიძლიათ ნახოთ.
მწვანე ბარათის მიღებისას საქართველოს მოქალაქეობას ვკარგავ?
მწვანე ბარათის მიღება არ ნიშნავს აშშ-ს მოქალაქეობას, ასე რომ, გრინ ქარდის მიღებით საქართველოს მოქალაქის სტატუსს არაფერი ემუქრება.
მაგრამ, თუ თქვენ შეასრულებთ წინა კითხვის პასუხში აღწერილ პროცედურებს და მიიღებთ ამერიკის მოქალაქეობას, ამით გაუქმდება თქვენი, როგორც საქართველოს მოქალაქის სტატუსი.
საბედნიეროდ, არსებობს შანსი, მიიღოთ ორმაგი მოქალაქეობა და ერთდროულად იყოთ როგორც საქართველოს, ისე – აშშ-ს მოქალაქეც. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან. შესაბამისად, პრეზიდენტის სახელზე გაკეთებული მიმართვით თქვენ შესაძლოა მიიღოთ ორმაგი მოქალაქეობის სტატუსი.
მართალია, რომ ჩასვლის შემდეგ აშშ-ს მთავრობა ფულს და სამსახურს გაძლევს?
ცხადია, არა. ეს ერთ-ერთი მითია. სიტუაცია თითქმის პირიქითაა — საელჩოში გასაუბრებაზე თქვენ აუცილებლად უნდა დაამტკიცოთ, რომ აშშ-ში ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა გაქვთ; რომ გყავთ სპონსორი ამერიკაში, ან უკვე ნაშოვნი გაქვთ სამსახური, ან გაქვთ საკმარისი დანაზოგი აშშ-ში ცხოვრების პირველი თვეებისთვის.
აშშ-ს სახელმწიფო თქვენ არ მოგცემთ ფულს ან გარანტირებულ სამსახურს. სანაცვლოდ თქვენ იღებთ თავისუფლებას, იცხოვროთ, იმუშაოთ და ისარგებლოთ თითქმის ყველა იმ უფლებით და უპირატესობით, რითაც შეერთებული შტატების მოქალაქეები სარგებლობენ.
ამცირებს გრინ ქარდის ლატარიაში მონაწილეობა ტურისტული ვიზის მიღების შანსებს?
ეს კითხვა წლებია არსებობს და ერთმნიშვნელოვანი პასუხი არავის აქვს. აშშ-ს საიმიგრაციო და სავიზო პროცედურები მკაცრად გასაიდუმლოებული დეტალებისგან შედგება, ამიტომ რთულია ითქვას, რამდენად ახდენს გავლენას მწვანე ბარათის ლატარიაში მონაწილეობა თქვენს შანსებზე, მიიღოთ სტანდარტული ტურისტული ან ბიზნეს-ვიზა აშშ-ში გასამგზავრებლად.
ზოგის აზრით, ლატარიაში მონაწილეობას უარყოფითი ეფექტი უნდა ჰქონდეს — ამ ქმედებით თქვენ აცხადებთ, რომ გსურთ აშშ-ში მუდმივად ცხოვრება. შესაბამისად, ტურისტული ვიზის გაცემისას, თქვენ ოფიცრისთვის სარისკო პირი ხართ, რადგან, შესაძლოა, შტატებში დარჩეთ და საქართველოში აღარ დაბრუნდეთ.
ამ აზრის საპირისპიროდ, შეიძლება ითვლებოდეს, რომ მწვანე ბარათის ლატარიაში მონაწილეობა სულაც არ ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ აპლიკანტი ტურისტული ვიზის პირობებს დაარღვევს და არალეგალად დარჩება აშშ-ში – მწვანე ბარათის მიღების მიზანი ხომ სწორედ ლეგალური ცხოვრებისა და მუშაობის სურვილს გულისხმობს.
მიუხედავად ყველაფრისა, არსებობს უამრავი მაგალითი ხალხისა, ვინც თითქმის ყოველ წელს ღებულობდა მონაწილეობას გრინ ქარდის ლატარიაში და ტურისტული ვიზა მაინც მიუღია. მოიძებნება ბევრი ისეთიც, ვინც ტურისტულ ვიზაზე უარი მიიღო. თუმცა, მტკიცება იმისა, რომ ამ უარის მიზეზი აუცილებლად მათი ლატარიაში მონაწილეობის ფაქტი იყო, შეუძლებელია.