ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა დღეს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას 2008 წლის აგვისტოს ომის გამო საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე. სტრასბურგის სასამართლოში სხდომა დაიწყება თბილისის დროით 14:00 საათზე.
მანამდე გაგაცნობთ გოგოს, რომელიც აგვისტოს ომის ცნობილი ფოტოს უცნობი გმირია. როგორ ცხოვრობს ის დღეს.
და იყო ომი…
იმ დღესაც ჩვეულებრივი დილა გათენდა. არავინ ელოდა ჭურვებს, ტყვიებს და რუსულ ტანკებს საქართველოში. არავინ ელოდა ომს…
2008 წლის 8 აგვისტო, დილის 9 საათი. გორის ცაზე რუსული ბობმდამშენები გამოჩნდნენ. პირველი საჰაერო იერიში ვერხვების დასახლებაზე მიაქვთ. აფეთქების ხმა… ცეცხლის ალში გახვეული სახლებიდან თავზარდაცემული მაცხოვრებლები, გარეთ გარბიან. ზოგი სარდაფს აფარებს თავს… ეზოში უკვე გარდაცვლილ მეზობლებს გლოვოდბნენ…
აგვისტოს ომთან რამდენიმე მძიმე კადრი ასოცირდება. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ცნობილი ფოტო, რომელიც საქართველოს 12 წლის წინანდელ ტრაგედიას ასახავს – დაბომბილ გორში ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი ბავშვია.
„პრაიმტაიმი“ ამ ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანების ბედით დაინტერესდა. გავარკვიეთ, რომ კადრი, რომელიც 9 აგვისტოს დილას არის გადაღებული, მასზე მამიდა-ძმიშვილი ნინო და დეა ცეცხლაძეები არიან აღბეჭდილნი.
ეს პატარა გოგონა დეა ცეცხლაძეა, რომელიც მაშინ წლის და 5 თვის იყო. არაფერი ახსოვს გარდა აფეთქების ძლიერი ხმებისა. ომის დროინდელი მოგონებები პატარა გოგონას მეხსიერებაში ისე ჩაილექა, რომ წლების განმავლობაში, ფოიერვერკის სროლის ხმაზე ტიროდა.
„ვერხვების დასახლებაში ვცხოვრობდით. იმ დღეს სახლში პაპა-ბებია, დედაჩემი, მამიდაჩემი, მამიდაშვილი, მე და ჩემი ძმა ვიყავით. როცა დაბომბვა დაიწყო სარდაფში ჩაგვიყვანეს და იქ ვიმალებოდით…
ომის დროინდელი არაფერი მახსოვს, გარდა საშინელი ხმებისა. წლების განმავლობაში, როცა ფოიერვერკს ისროდნენ, მეშინოდა და ვტიროდი. იგივე რეაქცია მქონდა მტვერსასრუტის ჩართვის დროსაც. რომ გავიზარდე მერე მითხრეს, რომ ამ ფოტოზე აღბეჭდილი მე და მამიდა ვართ.
ომის მერე ბათუმში წამოვედით საცხოვრებლად და მას შემდეგ აქ ვართ. პაპა-ბებია ისევ გორში ცხოვრობს, მათთან ხშირად ჩავდივართ.
ვიცი, რომ ბევრ სხვა ფოტოსთან ერთად ესეც აგვისტოს ომის სიმბოლოდ იქცა. ბევრჯერ მინახავს გამოფენებზე ეს ფოტო. როცა მითქვამს, რომ ის პატარა ბავშვი მე ვარ, გაოცებულან.“- ამბობს დეა.
მერვე კლასელი გოგონა აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს. დადის ფიგურულ სრიალზე და ხალხურ ცეკვებზე. წარჩინებულ მოსწავლეს, სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს.
ფოტოს ისტორიას იხსენებს დეას დედა, რომელსაც ომის დღეები კარგად ახსოვს.
„ომის შემდეგ გორში ვეღარ შევძელით დარჩენა და საცხოვრებლად ბათუმში გადმოვედით. ჩემი დედამთილ-მამათილი ისევ გორში ცხოვრობენ…
იმ ტრაგიკული ომის შემდეგ ჩვენი ცხოვრება მძიმედ გაგრძელდა. ჩემს მულს შვილი გარდაეცვალა… ნინო ამჟამად საზრავრგარეთ ცხოვრობს.
იმ დღეების გახსენება ყოველთვის მიმძიმს. მაშინ ჩემი მეუღლე ზღვაზე იყო, მამათილი საზღვარგარეთ იმყოფებოდა. სახლში ქალები და მცირეწლოვანი ბავშვები ვიყავით.
როცა ვერხვების დასახლებაზე რუსული ბომბდამშენები გამოჩდნენ და დაბომბვა დაიწყო, ჩემი ორივე შვილი და მულიშვილი სარდაფში ჩავიყვანეთ. მერე ქალაქიდან გაქცევა ვცადეთ, მაგრამ ტრანსპორტი ვერ ვნახეთ, ქალაქი ისევ იბომბებოდა.
პირველი დაბომბვის შემდეგ, როცა ეზოში გამოვედით, ყველაგან ნანგრევები და ცხედრები იყო. დაჭრილები და მიცვალებულები საავადმყოფოში გადაჰყავდათ. ვინ სად გარბოდა ვერ გაიგებდით.
ეს ფოტო სწორედ მაგ დროს არის გადაღებული. სამწუხაროდ, არ ვიცი ვინ არის მისი ავტორი. იმ დროს უამრავი ჟურნალისტი და ოპერატორი იმყოფებოდა…
ახლაც მიმძიმს იმ დღეების გახსენება. ჩემი უფროსი შვილი, ნიკუშა ორწლინახევრის იყო, დეა წლინახევრის. ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უმძიმესი ეპიზოდი.
მიუხედავად იმისა, რომ დეას თითქმის არაფერი ახსოვს აგვისტოს ომიდან, ჩვენ არ ვაძლევთ მისი დავიწყევის უფლებას და აგვისტოში, ყოველთვის ვესაუბრებით ხოლმე ომზე.“ – ამბობს ნინო ლაბაძე.
წყარო: “პრაიმტაიმი”