26 ოქტომბერი ივერიის ღვთისმშობილის ხატის დღესასწულია.
ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სასწაულები:
ერთ დროს მონასტერი ისე გაღარიბდა, რომ ფქვილიც კი არ გააჩნდა. ყოვლადუბიწო ძილში გამოცხადებია ღრმად დამწუხრებულ წინამძღვარს და უთქვამს: „რად სწუხარ, შვილო, ფქვილის უქონლობის გამო? წადი და იხილე სავსე ბეღელი, რათა დარწმუნდე თქვენდამი ჩემს მზრუნველობაში“. წამოდგა წინამძღვარი, მიაშურა ბეღელს და იხილა, რომ იგი პირთამდე სავსე იყო ფქვილით. მაშინვე უხმო ძმებს და უამბო მომხდარი ამბის შესახებ. გაოცებულმა და სიხარულისგან გულაჩუყებულმა ბერებმა ერთხმად განადიდეს უფალი და მარადის ქალწული. სხვა დროს ღვინო შემოჰკლებიათ; წმიდა დედოფალმა ისე გაავსო ყველა ჭურჭელი, რომ ღვინო ძირს იღვრებოდა. ისეთი სასიამოვნო და გემრიელი იყო, რომ ყველა დარწმუნდა, იგი სასწაულებრივი იყო და არა ბუნებრივი. ერთხელ კიდევ ზეთისხილითა და ოსპით აავსო მონასტერი. სავანის კარიბჭესთან დავანებული საკვირველთმოქმედი ხატი ხშირად არ უშვებდა მონასტერში ისეთ ადამიანებს, რომლებსაც მძიმე, მოუნანიებელი ცოდვა ჰქონდათ სულში, და როცა ზოგიერთი მათგანი ფარულად ცდილობდა სავანეში შესვლას, უსულოდ ეცემოდა მიწაზე.
* * *
ივერთა მონასტერი
ფრესკა წმიდა ბარბაროსის გამოსახულებით
წარსულში ეგეოსის ზღვა მეკობრეთა სიმრავლით იყო განთქმული. მონასტერზე მათი ერთ-ერთი თავდასხმის დროს არაბმა მეკობრემ შუბით ჭრილობა მიაყენა ივერიის ღმრთისმშობლის ხატს, საიდანაც მეყსეულად სისხლმა იფეთქა. თავზარდაცემულმა შეინანა თავისი დანაშაული ღმრთისმშობლის წინაშე, იწამა მისი ძე და მოინათლა. აქვე დარჩა და მცირე ხანში ბერადაც აღიკვეცა. იგი მთელი სიცოცხლის მანძილზე ტირილით ევედრებოდა მამებს, რომ მისთვის ბერობის სახელი დამასკინოსი კი არ ეწოდებინათ, არამედ – „ბარბაროსი“. დაყუდებული ცხოვრებით იგი სიწმინდეს მიემთხვია, და ახლა წმიდა ბარბაროსი ივერიის ღვთისმშობლის ტაძარშია დახატული – შავი, როგორც მოსე ეთიოპელი და ხელთ პირვანდელი საჭურველი უპყრია: მახვილი, ისარი და მშვილდი.
1308 წელს ივერთა მონასტერი სასტიკად დაარბიეს სპარსელებმა, რომლებიც მიუახლოვდნენ ათონის მთას 15 ხომალდით და ალყა შემოარტყეს ივერთა მონასტერს. უსჯულოთა სიმრავლით შეშინებულმა ბერებმა გამოიტანეს ტაძრებიდან წმინდა ჭურჭელი, მათთან ერთად კარიბჭის ხატიც და ციხე-კოშკს შეაფარეს თავი. მონასტერში შემოჭრილმა სპარსელებმა იწყეს სავანის უმოწყალო ძარცვა და მთავარი ტაძრის გუმბათის ჩამონგრევაც მოიწადინეს. ამ მიზნით გუმბათის შემკავებელ მარმარილოს სვეტებს მათ თოკები გამოაბეს და გამხეცებულნი ეწეოდნენ, მაგრამ ტაძარს ვერაფერი დააკლეს. ამის მხილველმა ბერებმა გულის სიღრმიდან ცრემლით ღაღადჰყვეს ზეციური დედოფლისადმი და მანაც, ყოვლადძლიერმა, არ უგულებელჰყო მათი ვედრება. ვერ მოასწრეს მონასტრის საუნჯით დატვირთულმა ხომალდებმა ნაპირისგან მოშორება, რომ ამოვარდა სასტიკი ქარიშხალი და მთელი ფლოტი ზღვის უფსკრულში დაინთქა. გადარჩა მხოლოდ ის გემი, რომელზეც იმყოფებოდა სპარსთა მეთაური – ამირა. მან ეს უბედურება სავანის გაძარცვისათვის მოვლენილ ღმრთის სამართლიან რისხვად აღიარა, შენდობა და ღმრთის წინაშე მეოხება სთხოვა მამებს, დაუბრუნა მონასტერს ნაძარცვი ქონება და თვითონ გაიქცა შეძრწუნებული. განაგრძეთ კითხვა