თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის მიზეზებს ამ დრომდე სამართალდამცველები ადგენენ. მოქმედმა პოლიციელმა, 55 წლის გურამ ქადეიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, რის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. ის ამჟამად ხეჩინაშვილის კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების თქმით, ქადეიშვილს თავის არეში გამჭოლი ჭრილობა აღენიშნება, ნეიროქირურგებმა მას ოპერაცია უკვე ჩაუტარეს, ჭრილობა მარცხნივ, საფეთქლის არეში აღენიშნება. როგორც ექიმი ამბობს, მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, პაციენტი რეანიმაციაში რჩება. ცნობილია ისიც, რომ გურამ ქადეიშვილი შს სამინისტროში წლების განმავლობაში მუშაობდა. ამჟამად გლდანი-ნაძალადევის განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი იყო. დანაშაული, სავარაუდოდ, მისი კუთვნილი ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოხდა. რაც ყველაზე მძიმეა, ამ შემზარავ ფაქტს მისი 2 მცირეწლოვანი გოგონა შეესწრო. რადგან დანაშაულში ბრალდებული პირი პოლიციელია, ამიტომ საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. გამოძიება სს კოდექსის 11-პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მომხდარი უმძიმესი ფაქტი მეზობლებმა გვიან შეიტყვეს, ამბობენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ.
“ბავშვები ტიროდნენ, იძახდნენ, “მამა, არ გაპატიებთო”. სასწრაფო იყო მოსული, ამ მოზარდებს ცალკე აწყნარებდნენ, ერთი, დაახლოებით, 15 წლამდეა, მეორე – მასზე უმცროსი. ვიფიქრე, ალბათ, ოჯახური კონფლიქტია-მეთქი, თუ მიცვალებულები იყვნენ, ეგ ნამდვილად არ ვიცოდი. რაც შეეხება დაჭრილ მამაკაცს, მას გადაადგილება თვითონ არ შეეძლო. მაშველებს გამოუძახეს, სასწრაფოს და ბრიგადამ წაიყვანა.
ისიც არ ვიცოდი, რომ გარდაცვლილი ორი პირი იყო. მე გავიგე ბავშვების ხმა, რომლებიც დედის სახელს ყვიროდნენ. იქ თუ ბებიაც იყო, ეს არ ვიცოდი. ამბობენ, რომ ეს ოჯახი სამი თვეა რაც აქ ცხოვრობს. თურმე ყოფილი მეუღლე ყოფილა ბრალდებული მამაკაცი.
არც გასროლა გაგვიგია, არადა, სახლში ვიყავი“, – განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.
შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები დიდხანს მუშაობდნენ. დედა-შვილი ადგილზე იყო გარდაცვლილი ვერიკო და ირინა ქუმსიაშვილების ცხედრებს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდათ. რის შემდეგაც, დედა-შვილის ცხედარი სამების ეზოში მდებარე პატარა ტაძარში გადაასვენეს, მათ ხვალ გამოეთხოვებიან ახლობლები და ხუთშაბათს მიაბარებენ მიწას…
ამ ტრაგედიაზე საუბარი დღეს ყველას უჭირს. მომხდარით შეძრულები არიან ახლობლები. ყველა ერიდება დეტალებზე საუბარს. ერთი ვერსიით, მკვლელობა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებულ შელაპარაკებას მოჰყვა, მეორე ვერსიით, მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა იყო, როგორც ამბობენ, ცოლ-ქმარი ერთ წელზე მეტია დაშორებულია, მაგრამ ოფიციალურად განქორწინებულები არ იყვნენ, იმასაც ამბობენ, ქმარი შერიგებას სთხოვდაო. რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება, ჯერჯერობით უცნობია. განაგრძეთ კითხვა
წყარო – kvirispalitra.ge