რადიო თავისუფლებასთან 31 წლის გიო ადამია 3 აგვისტოს იხსენებს:
„ზუსტად 3 საათი იყო ან 4-ის 1 წუთი. თითქოს ავიაგამანადგურებელმა გადამიფრინა თავზე. ცისკენ დავიწყე ყურება, მქონდა მოლოდინი, რომ ძალიან მალე და ძალიან ახლოს, ჩვენს თავზე თვითმფრინავს ან რაიმე მსგავსს უნდა გადაეფრინა. გადმოვედი მანქანიდან. საიდანღაც წამოსული, უცნაური სიცივე ვიგრძენი, არადა, სანამ მანქანაში ჩავსხდებოდით, გვარიანად ცხელოდა. თითქოს არც ქარი იყო, მაგრამ სიცივე მოჰქონდა ჰაერს. „სანსეტისკენ“ გავიხედე და იმ წამს, ჩემს თვალწინ გადაიქცა რამდენიმე ნაძვი. ვიფიქრე, რომ მეწყერი მოდიოდა, არ ვიცოდი, რომ ეს ზევიდან წამოსული ღვარცოფი იყო. ვხედავდი, რომ ჩვენგან დაახლოებით 60-70 მეტრში ხეები ტყდებოდა საშინელი ხმაურით. მაშინვე ჩავხტი მანქანაში. თომას, რომელიც უკან, თავის სავარძელში იჯდა, ვუთხარი, მამა, მეწყერი მოდის, უნდა გავიქცეთ-მეთქი და ძალიან სწრაფად დავეშვით ქვევით“. უცხოელები იყვნენ, ჩვენსკენ მორბოდნენ, ხელებს გვიქნევდნენ. დავინახე, რომ მათ უკან, გზაზე უკვე მოდიოდა ღვარცოფი, მანქანაში ჩავისვი ტურისტები, მოვატრიალე მანქანა და ახლა საპირისპირო მხარეს ვცადეთ გაქცევა. ვანიშნე, იქით ვეღარ წახვალთ-მეთქი და ამ დროს, საითაც გაქცევას ვცდილობდით, დავინახეთ, რომ მეწყერი ჩამოწვა. ორივე მხრიდან მეწყერსა და ღვარცოფში აღმოვჩნდით.ხიდზე გადასვლა მოვასწარით, უკან რომ მოვიხედეთ, არცერთი მანქანა აღარ იდგა იქ და „სანსეტისკენ“ გავიქეცით, იქ აღმართია და ვცდილობდით, როგორმე შემაღლებულზე ავსულიყავით. ატყდა საშინელი პანიკა, კივილი. იმ მომენტში მეც ვიფიქრე, რომ ეს იყო გარდაუვალი სიკვდილი. ბავშვი წინიდან ჩავიხუტე და პირით ტალახისკენ დავდექი.ზოგმა ზურგი აქცია, მე პირიქით, სახით დავხვდი. ტალახის ტალღა რომ დამეჯახა მუცელში, უკან გადავიწიე, ზურგზე დავწექი, თომა გულზე მივიხუტე და ასე გავყევი ტალღას ქვევით. დაახლოებით 20 მეტრში ტალღა გადაიშალა და ფეხზე წამოდგომა შევძელით. ჩვენთან ერთად მყოფი ახალგაზრდა ბიჭი, დავითი, თავის დის შვილთან, მაშოსთან ერთად, გაცილებით შორს წაიღო ტალახის ტალღამ. აქეთ მხარეს ვინც ვიდექით, ისინი უფრო ნაკლებ მანძილზე გაგვიყოლა“.ტალახი ახლა მუხლამდე გვწვდებოდა. წარმოუდგენლად რთული იყო გადაადგილება. ახლაც ვგრძნობ ბასრ, სიპ ქვებს წვივებზე. ფეხის ყოველი ჩადგმისას ახალი და ახალი ჭრილობა ჩნდებოდა. ჩვენს გარშემო ყველაფერი ტალახში იყო. საშინელი სიცივე დაიჭირა. ბავშვი კანკალმა. ხე იდგა რაღაც, იმ ხესთან მივღოღდი, თომა შემოვსვი ზედ და დავიწყეთ რეკვა 112-ში, ახლობლებთან. ჩვენს დასახმარებლად მოვიდნენ, ექვსნი იყვნენ. შორიდან მომავლები რომ დავინახეთ, თავდაპირველად, ისინიც ჩვენსავით მეწყერში მოყოლილები გვეგონნენ, მაგრამ დაგვიძახეს, ადგილობრივები ვართ და გასვლაში დაგეხმარებითო. ფიცრებით, ტოტებით, რაც კი მყარი იყო, იმას ალაგებდნენ ტალახზე და ჩვენსკენ მოიწევდნენ. ასე გაგვიყვანეს ჩვენც „სანსეტის“ ტერიტორიაზე, საიდანაც შემდეგ ვერტმფრენმა გლოლაში გადაგვაფრინა. იმ ბინის პატრონმა, სადაც ერთი კვირა უნდა გაგვეტარებინა, მითხრა, რომ დამეწყრილი იყო რესტორნის ტერიტორიაც, სადაც, სავარაუდოდ, ხალხიც უნდა ყოფილიყო. იქ, სადაც პირველად გავიგე ხმაური, 2 წუთით ადრე მაინც რომ შეეტყობინებინა ვინმეს, რომ მსგავსი კატასტროფა იყო მოსალოდნელი, მე მეყოფოდა ის 2 წუთი, რომ მანქანით გამომესწრო ტალახისთვის. კოტეჯებში მყოფ ხალხს, 8-10 წუთით ადრე მაინც რომ ჰქონოდათ ინფორმაცია ამ კატასტროფის შესახებ, ისინიც მოასწრებდნენ ტერიტორიის დატოვებას“.