თუ ადვილად ცივდებით, ბევრი ატამი უნდა მიირთვათ, რადგან დამტკიცებულია, რომ ეს ხილი იმუნურ სისტემას აძლიერებს, მაგრამ თუ კუჭი ან ჭარბი წონა გაწუხებთ, მაინცდამაინც ნუ მიეძალებით. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ამ უგემრიელეს ხილს სამკურნალო თვისებებიც აქვს. ის აძლიერებს კუჭ-ნაწლავის სეკრეტორულ მოქმედებას, აადვილებს მძიმე საკვების მონელებას. ატმის კომპოტი რეკომენდებულია ღვიძლის, თირკმელებისა და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების დროს. შაქრიანი დიაბეტითა და სიმსუქნით დაავადებულთათვის ატმის კომპოტს უშაქროდ ამზადებენ. გარდა ნაყოფისა, სამკურნალოდ იყენებენ ატმის ფოთლებს, ყვავილებსა და თესლს. მაგალითად, 3-6 მილილიტრ ფოთლის ნატურალურ წვენს იღებენ რევმატიზმის, გასტრიტის, ენტერიტის, თავის ტკივილისა და სკლეროდერმიის (კანის გამკვრივების) დროს, ხოლო ახალმოკრეფილ ფოთლებს ჭრილობის მოსაშუშებლად იყენებენ. გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს.
რევმატიზმის, გასტროენტერიტის და თავის ტკივილის დროს გამხმარ, დაქუცმაცებულ ატმის ფოთლებსს დაასხით 250 მილილიტრი მდუღარე წყალი და 5 წუთი ადუღეთ წყლის ორთქლზე, გააჩერეთ 1-2 საათი, გაწურეთ ორმაგ მარლაში და მიიღეთ 50 მილილიტრი 4-ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე. ეს ნახარში გამოიყენება შარდმდენადაც.
სამკურნალოდ გამოიყენება ატმის ფოთლები, ყვავილები. ახალმოკრეფილი ფოთლების კომპრესი აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, ფოთლების 3-6 მილილიტრ გამონაწურს იღებენ რევმატიზმის, გასტრიტის, ენტერიტის, თავის ტკივილისა და სკლეროდერმის (კანის გამკვრივების) დროს.
შეკრულობის დროს – 3-4 გრამ ატმის გამხმარ ყვავილს დაასხით 150 მილილიტრი მდუღარე წყალი, 5 წუთი ადუღეთ წყლის აბაზანაში, გააცივეთ 2 საათის განმავლობაში, გაწურეთ ორმაგ მარლაში და მიიღეთ 50 მილილიტრი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ატამი, უპირველესად, მატონიზირებელი ეფექტითაა ცნობილია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი ხნის ავადმყოფობით დაუძლურებული ორგანიზმისთვის. ატმის წვენი ეხმარება სუსტ ახალშობილებს ძალების სწრაფად მოკრებაში. კარგია, ასევე, კუჭის დაქვეითებული მჟავიანობისთვის.
ატამში შემავალი დიდი რაოდენობით კალიუმის მარილები გულის რიტმის დარღვევისა და გულის კუნთების შესუსტების პროფილაქტიკასაც უწყობს ხელს. ფოსფორისა და კალიუმის შემცველობა კი დადებითად მოქმედებს მეხსიერებაზე, ტვინის მუშაობაზე და ამაღლებს ქმედუნარიანობას. კაროტინი აუმჯობესებს სისხლძარღვების ფუნქციონირებასა და მხედველობას.
ატმის დადებითი ეფექტია სისხლში ჰემოგლობინის დონის მომატება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსული ქალებისთვისა და სუსტი ბავშვებისთვის.
ჭამამდე 15 წუთით ადრე ატმის ახლადგამოწურული წვენის მიღებით ქრონიკული შეკრულობისგან გათავისუფლებაც შეიძლება.
ატმის რეგულარული მოხმარება კანს ხავერდოვანს ხდის და ვარდისფერ შეფერილობას აძლევს. მზის სხივებისგან მიღებული დამწვრობის დროს კი გახეხილი ატმის ნიღაბი ტკივილდამაყუჩებელ ეფექტს იძლევა.
გაითვალისწინეთ:
ატმის მიღება არ არის სასურველი ორგანიზმში ანთებითი პროცესების მიმდინარეობის დროს.
არ არის რეკომენდებული ატმის მიღება დღის მეორე ნახევარში (15 საათის შემდეგ), რადგან ეს ცუდად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.
ატამმა შეიძლება, ზიანი მოუტანოს ალერგიითა და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს.
ამ გემრიელი და სასარგებლო ნაყოფის ზედმეტი რაოდენობით მიღება რეკომენდებული არ არის, ამან შეიძლება საჭმლის მონელებისა და სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირების დარღვევა გამოიწვიოს. ამიტომ, სასურველია, დღეში 600 გრამზე მეტი არ მიირთვათ.
წყარო:თბილისელები