რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ჩრდილოეთ ოსეთის მხარეს ელექტრონულ რიგში 585 სატვირთო ავტომობილი დგას და ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გადაკვეთის ნებართვას ელოდება. ინფორმაციას რუსული „კომერსანტი” ჩრდილო-ოსეთის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობითვე, 11 სექტემბრის საღამოს რიგში 338 ავტომობილი იდგა, რაც სამ დღეში 247 ავტომობილით ანუ დაახლოებით, 73%-ით გაიზარდა. ერთი კვირის წინ, კერძოდ, 7 სექტემბრის მდგომარეობით რუსეთის მხარეს საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან რიგში მხოლოდ 79 სატვირთო ავტომობილი დაფიქსირდა.
ცნობისთვის, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს 2025 წლის მონაცემებით, გატარებული ტვირთის მოცულობის მიხედვით 107 გამშვებ პუნქტს შორის რუსეთის ყველაზე დატვირთული საავტომობილო სასაზღვრო გასასვლელი ზემო ლარსის გამშვები პუნქტია, რომელზეც 4.8 მლნ ტონა ტვირთმა გაიარა. მეორე ადგილზე რუსეთ-აზერბაიჯანის იარაგ-ყაზმალიარის საბაჟო (3.7 მლნ ტონა), ხოლო მესამეზე რუსეთ-ჩინეთის ზაბაიკალსკის საბაჟოა (2.5 მლნ ტონა).
გატარებული ტონაჟის გარდა, ზემო ლარსის გამშვები პუნქტი სატვირთო ავტოტრანსპორტის რაოდენობის მიხედვითაც ყველაზე დატვირთულ გამშვებ პუნქტს წარმოადგენს. 2025 წლის მონაცემებით, მისი საშუალო ფაქტობრივი გამტარუნარიანობა დღე-ღამეში 1040 ერთეულ სატვირთოს შეადგენდა. დღე-ღამეში ორივე მიმართულებით, პიკურად 1476 ერთეული სატვირთოს გატარება ითვლება. 2025 წლის 17 აპრილს რუსეთ-საქართველოს ზემო ლარსის საზღვარზე, რუსეთის მხრიდან შემომავალი 5010 სატვირთო იდგა რიგში, რაც ასევე პიკურ მაჩვენებელს წარმოადგენს.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს 2026 წლის ივნისის მონაცემებით, მხოლოდ ელექტრონული რიგის სისტემაში ზემო ლარსის გადაკვეთისთვის 100 ათასზე მეტი სატვირთო ავტომობილი იყო დარეგისტრირებული. პრაქტიკული შეფასებით, ზემო ლარსი რუსეთის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო ნაკადის 14-15%-იანი მასშტაბის მნიშვნელობის კვანძია.
ტვირთის საშუალო ღირებულების მიხედვით, ლარსზე მოძრავი საქონლის საერთო ეკონომიკური ღირებულება წელიწადში 5-8 მლრდ დოლარის ფარგლებში მერყეობს.
