საქართველოში რძის ფხვნილის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში 20.293 მლნ დოლარის ღირებულების 7 279 ტონა რძის ფხვნილი შემოვიდა, ეს კი 2009 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. (საგარეო ვაჭრობის პორტალზე აღნიშნული პროდუქტის იმპორტის მაჩვენებელი ხელმისაწვდომი სწორედ 2009 წლიდან არის).
აღსანიშნავია, რომ თუ წლების განმავლობაში საქართველო რძის ფხვნილს ძირითადად ირანში ყიდულობდა, ახლა მთავარი მომწოდებელი ბელარუსი გახდა, საიდანაც წლიურად იმპორტი 108%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, 2026 წლის იანვარ-ივლისში ბელარუსიდან 11.979 მლნ დოლარის ღირებულების რძის ფხვნილი შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 5.750 მლნ დოლარის.
რაც შეეხება ირანს, წელს იანვარ-ივლისში 4.359 მლნ დოლარის პროდუქტი ვიყიდეთ, 2025 წლის 7 თვეში კი 8.253 მლნ დოლარის.
