ორი დღის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე რაც ხდება, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაზეც ვსაუბრობდით: „ქართულ ოცნებაში“ პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს, სამწუხაროდ, მხოლოდ ამ გადაწყვეტილების ფორმალურად გაფორმება მოუწევს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
შარაშიძის თქმით, მთელი ეს პროცესი აბსურდის თეატრს ემსგავსება.
„ეს პროცესი ადასტურებს მთავარ საკითხსაც – როგორც თავიდანვე გაუგებარი, სრულიად აბსურდული და ხელოვნური იყო ჩვენი პარტიის ამ სარჩელში დამატება. ამ ორმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მოსამართლეებისთვისაც გაუგებარია. ამასთან, საზოგადოებაც დარწმუნდა, რომ ამ სიაში ჩვენი პარტია აბსოლუტურად ხელოვნურად არის დამატებული.
როდესაც მოსარჩელე მხარე ვერ ასაბუთებს, კონსტიტუციის რომელი მუხლი შეიძლება, დაერღვია ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, რის გამოც მისი აკრძალვის საკითხი შეიძლება დამდგარიყო, ეს გაუგებარია მოსამართლეებისთვისაც, რასაც ისინი თავადაც ადასტურებენ. ამასთან, ისინი ვერც იმას ბედავენ, რომ ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე მოსარჩელე მხარეს კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა დაავალონ და მოსთხოვონ, დააკონკრეტოს, კონსტიტუციის რომელი მუხლის დარღვევას გვედავება.
მთელი ეს პროცესი აბსურდის თეატრს ემსგავსება. შესაბამისად, არ გვაქვს არანაირი მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებს იმისგან, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უკვე მიღებული აქვს ოფისში“, – განაცხადა შარაშიძემ.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო.
