ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ ევროპაში მედიის თავისუფლების შესახებ ანგარიში წარადგინა. ანგარიშში საუბარია საქართველოს შესახებაც, სადაც ვკითხულობთ, რომ ქვეყანაში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა.
დოკუმენტში საუბარია საქართველოში დაპატიმრებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის შესახებაც. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მზია ამაღლობელის საქმიანობა პრესის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.
“2025 წლის 6 აგვისტოს უკიდურესად პოლიტიზებული სასამართლო პროცესი ჩატარდა, სადაც 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ორი ყველაზე პრესტიჟული დამოუკიდებელი მედია გამოცემის, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” თანადამფუძნებელს, მზია ამაღლობელს. მისი საქმიანობა საქართველოში პრესის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლო გახდა. “ქართული ოცნების” მხრიდან მედიის გაძლიერებული რეპრესიების ფონზე, ეს ფაქტი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა… ჟურნალისტი 2025 წლის იანვარში, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით დააპატიმრეს. დაკავების მიზეზი ბათუმში, დემოკრატიული საპროტესტო აქციის დროს პოლიციის უფროსთან მომხდარი მცირე შელაპარაკება გახდა. წარდგენილი ბრალის არაპროპორციულმა ხასიათმა ნათელი გახადა, რომ ამაღლობელს მიზანმიმართულად სჯიდნენ ჟურნალისტიკის მიმართ მისი ერთგულებისთვის” – წერია ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, მზია ამაღლობელმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს დამოუკიდებელი მედიალანდშაფტის განვითარებისთვის და ჟურნალისტური სტანდარტის ჩამოყალიბებისთვის. მის მიერ თანადაფუძნებული “ბათუმელები” და “ნეტგაზეთ” საქართველოს ერთ-ერთი პოპულარული, მრავალი ჯილდოს მფლობელი ონლაინ გამოცემებია, რომლებიც აქტიურად აშუქებენ კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებს.
