ეს იყო წინასწარ ორგანიზებული თავდასხმა, – ასეთ შეფასებას აკეთებს პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე გიგა ფარულავა პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე.
ოპოზიციის წევრი, რომელსაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში ფიზიკურად გაუსწორდნენ, “პირველებს” პირველ ინტერვიუს აძლევს.
ფარულავას თქმით, ფაქტმა ცხადყო, რომ “ქართულ ოცნებას” კრიტიკული აზრის მიმღებლობა არ აქვს და მხოლოდ ძალადობაზეა ორიენტირებული.
“ფაქტია, საზოგადოებამ ნახა, ეს იყო წინასწარ ორგანიზებული თავდასხმა, რისთვისაც, ფაქტია, რომ ისინი ემზადებოდნენ. ადგილზე კადრებითაც შეგიძლიათ, ნახოთ, თუ ვინ როგორ გასცემდა კონკრეტულ მითითებებს, შესაბამისად, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ “ოცნებას” გარდა ძალადობისა, გარდა ძალის გამოყენებისა, ციხისა, ფაქტია, რომ არ შეუძლია, მართოს სახელმწიფო, არ შეუძლია, მოისმინოს მისთვის კრიტიკული, განსხვავებული აზრი და როდესაც ის ვერ უპირისპირებს კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტულ ფაქტებს შესაბამის, არგუმენტირებულ პასუხებს, გადადის ძალადობაზე, გადადის მუშტი-კრივზე, რაც საზოგადოებამ ნახა.
რაც შეეხება კვალიფიკაციას, მე წინასწარ არ მინდა ამაზე შეფასებები, ამაზე ობიექტურმა შესაბამისმა უწყებებმა უნდა იფიქრონ. დღემდე არავინ დამკავშირებია” – ამბობს ფარულავა.
გიგა ფარულავა ამბობს, რომ არ სურს მომხდარზე წინასწარი შეფასებები და განცხადებები გააკეთოს და ამაზე ოფიციალურ განცხადებას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გააკეთებს.
ოპოზიციონერ პოლიტიკოს აინტერესებს, როგორი იქნება მომხდართან დაკავშირებით იმ ადამიანების შეფასებები, რომლებმაც თავის დროზე მზია ამაღლობელი “დამნშავედ” გამოაცხადეს.
“მთავარი გამომწვევი იყო გირგი შარაშიძის გამოსვლა, პოლიტიკური სიტყვა, საიდან გამომდინარეც მან (ირაკლი ხელაძემ) სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, რასაც მოჰყვა ყველაფერი.
ეს კონკრეტული ადამიანები, მეც, უშუალოდ კადრები როდესაც ვნახე, მაშინ შევძელი ვიღაცეების ამოცნობა, თორემ იქ ისეთი გარემოება და ისეთი სიტუაცია იყო, მანდ შეუძლებელი იყო ვინმეს იდენტიფიცირება ერთეული ადამიანების გარდა.
ჩვენი მხრიდან გაკეთდება განცხადება. ჯერ მე არ მინდა წინასწარ ამაზე შეფასებები და განცხადებები გავაკეთო. აქ საინტერესო იქნება თვითონ იმ ადამიანების შეფასებები, რომლებიც გამოდიოდნენ თავის დროზე, მზია ამაღლობელის შეფასებას აკეთებდნენ და მას მძიმე დამნაშავედ მოიხსენიებდნენ. საინტერესო იქნება მათი შედარება ამ კონკრეტულ ფაქტთან, ამ შემთხვევაში, რაც მოხდა პარლამენტში და რაც მოხდა თუნდაც ქალბატონი მზიას შემთხვევაში. საინტერესო იქნება მათი არგუმენტები. რაც საზოგადოებამ ნახა, ფაქტია, რომ ეს იყო ჯგუფური თავდასხმა. ამას ხომ დამატებითი გამოკვლევა არ სჭირდება, ეს არის ფაქტი, რაც ნახა საზოაგდოებამ” – ამბობს ფარულავა.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, გახარიას გუნდის წევრები მომხდარზე განცხადებას ზუსტად 15:00 საათზე გააკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
„ქართული ოცნების“ წევრები გახარიას პარტიას 2 დეპუტატს, გიგა ფარულავას და გიორგი შარაშიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
“ტვ პირველის” მიერ გადაღებულ კადრების მიხედვით, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობენ, „ქართული ოცნების“ შემდეგი წევრები:
არჩილ გორდულაძე, ლაშა ტალახაძე, ლევან მაჭავარიანი, ირაკლი ხელაძე, ირაკლი კირცხალია, გენო პეტრიაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ზუკა რურუა, სავალან მირზოევი.
