„თავდამსხმელი გირაოთი გაუშვეს, სასამართლო სხდომა რომ ტარდებოდა, არ მითხრა პროკურორმა, რომ დავსწრებოდი, დაზიანებები ახლაც მემჩნევა სახეზე, თვალი ჩალურჯებული მაქვს, ფეხებზე დაჟეჟილობა მაქვს. ესაა სამართალი? ეგ რომ გამოუშვეს, მე რით ვარ დარწმუნებული, რომ ხვალ არ დამესხმება თავს? ამაზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას?… მანამდე არ ვიცნობდი საერთოდ, არ მინახავს, მაგრამ ახლა როგორც გავარკვიე, ყოფილა თურმე „ქართული ოცნების“ აქტივისტი. შესაბამისად, ამიტომ გამოვიდა მესამე დღეს გარეთ… გაჩერებაზე ჩავიდნენ მგზავრები და როცა ამოსვლა დასრულდა, დავხურე კარი, მოძრაობა როცა დავიწყე, ამ დროს აგრესიულად მომმართეს ბიჭებმა, მგზავრი დატოვეო. მე ის მგზავრი არ დამინახავს, თორემ რატომ დავუხურავდი კარს. დამიწყეს გინება და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ავუხსენი, რომ მოძრაობაში ვარ უკვე, არ დამინახავს და გაჩერების გარდა სხვა ადგილზე გაჩერების უფლება არ მაქვს. ადამიანურად ვთხოვე, ჩადით, დამანებეთ თავი-მეთქი და მართლაც ჩავიდნენ.
დავხურე კარი და იქვე მივუახლოვდი შუქნიშანს, გავჩერდი, რადგან წითელი იყო და ეს ბიჭი მოდის, ტელეფონით მიღებს გარედან, გავაღე წინა კარი და ვეუბნები, ახლა რაღა გინდათ-მეთქი. ისევ სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს და ჩავედი. ერთ-ერთს ხელში ჩანთა ეჭირა, რაღაც მოძრაობა გააკეთა, ვიფიქრე, დანა ან რამე არ ჰქონდეს-მეთქი და მივბიძგე, რომ დავშორებოდი. მე ხელი არ დამირტყამს არცერთისთვის. ეს კამერებშიც ჩანს. ამის შემდეგ დაიწყო უკვე ფიზიკური აგრესია. ერთი მაკავებს და ბრალდებული ვინც არის, ის მირტყამს. ტროტუარზე წავიქეცი, იქაც ჩამარტყა ფეხი.
შემდეგ მგზავრებმა გაგვაშველეს, მოვიდა პოლიცია, სასწრაფოც. მინდოდა, დავსწრებოდი სასამართლო სხდომას, მაგრამ ამის საშუალება არ მომცეს, პროკურორი არ დამიკავშირდა. როცა გავიგე, ბრალდებული გაათავისუფლესო, მე თვითონ დავურეკე და არ მცალიაო” – ამბობს ბათუმში ნაცემი ავტობუსის მძღოლი ჯამბულ ირემაძე ბათუმელებთან.
შემთხვევა 16 თებერვალს ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მოხდა. დაშავებული №13 მუნიციპალური ავტობუსის მძღოლია. მთავარს შსს-ში უთხრეს რომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
