ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა, დავით კაკულიამ, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, პირველი განმარტება გააკეთა.
შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები დავით და გურამ კაკულიები დღევანდელ სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთნენ.
ცნობისთვის, ისინი სხვა საქმეზე უკვე პატიმრობაში იმყოფებიან.
დავით და გურამ კაკულიები ბრალს არ აღიარებენ. დავით კაკულია განმარტავს, რომ მათ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა არავისთვის დაუვალებიათ და დარწმუნებულია, რომ 5 წლის წინ მოკლული ახალგაზრდის ოჯახი ამას გაიგებს და საჩივარს გაიტანს.
“ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა. ეს არის აბსურდი. დარწმუნებულები ვართ, რომ კვარაცხელიები პროცესებზე გაიგებენ ამას და გაიტანენ საჩივარს პროკურატურიდან. გამორიცხულია შეკერილ საქმეზე ამდენი უდანაშაულო ადამიანი დასაჯონ, ამ მოგონილი…” – განაცხადა დავით კაკულიამ.
პროკურატურამ 17 თებერვალს განაცხადა, რომ ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმე გახსნეს.
ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდება წარედგინათ გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ [ბუსა] ჟვანიას. ბუსა ჟვანია საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილია.
გურამ და დავით კაკულიები სისხლის სამართლის სხვა საქმეზე არიან მსჯავრდებულები და სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან.
უწყების განცხადებით, ძმებმა კაკულიებმა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა მამამისზე, გია კვარაცხელიაზე შურისძიებისა და კრიმინალურ სამყაროში ავტორიტეტის გამყარების მიზნით დაგეგმეს.
