ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ლაშა უჩავა “შუადღის” ეთერში საუბრობს, რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად მშობლები მოსწავლეებისთვის საუზმის მომზადებისას:
“საუზმეზე პირველი შეცდომა, რასაც მშობლები უშვებენ, ეს მუქი შეფერილობის ჩაია. ანუ კოფეინით გაჯერებული პროდუქტი, რომელიც ბავშვთა ასაკისთვის არც ისე სასარგებლოა, თავისი მოქმედებიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ ნერვულ სისტემაზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედებს, რაც საბოლოო ჯამში დღის განმავლობაში ბავშვს ხელს უშლის როგორც სწავლასა და ათვისებაში, ასევე აფერხებს ზრდა-განვითარების ეტაპებს. მეორე დაშვებული შეცდომა შეიძლება, ნახშირწყლებით გაჯერებული საკვებია. აქ იგულისხმება ტკბილი ორცხობილა, კექსი, ნამცხვარი და სხვა ისეთი პროდუქტი, რომლებიც დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. ხილი არ იგულისხმება. ხილში არსებული შაქარი და რაფინირებული შაქარი საკუთარი მოქმედების ეფექტით აბსოლუტურად განსხვავდება. გლუკოზა და ფრუქტოზა აბსოლუტურად განსხვავებული პროდუქტებია. შესაბამისად, ფრუქტოზის დაშლა ორგანიზმისთვის ბევრად უფრო მარტივია. ის, რაფინირებული შაქრისაგან განსხვავებით, სისხლში შაქრის დონეს მკვეთრად არ ზრდი. რაფინირებული შაქრის შემთხვევაში, დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში ენერგიულები ვართ და ნახევარი საათის შემდეგ კი, პირიქით. ეს ნერვული იმპულსების ამპლიტუდასთანაა დაკავშირებული და გლუკოზა არის ერთადერთი სუბსტრატი, რომლითაც ტვინი იკვებება. შესაბამისად, დიდი ოდენობით გლუკოზა ე.წ. ტვინის თრობას იწვევს, რა დროსაც, გარდა იმისა, რომ მოდუნებულები ვართ, სწავლაშიც ხელი გვეშლება. ჩვენ რაფინირებულ შაქარზე ვსაუბრობთ და არა ნახშირწყლების საერთოდ აკრძალვაზე. ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული საკითხია და მშობლებს ხშირ შემთხვევაში, ეშლებათ. ,,ტკბილი აუცილებელია, რომ ბავშვმა კარგად ისწავლოს“ – დიახ, ნახშირწყლები აუცილებელია, რომ უკეთესად აითვისოს მასალა იმიტომ, რომ ტვინის მკვებავია. მაგრამ, ნახშირწყლებს შორის განსხვავება არსებობს.”