საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მისიის“ ერთ–ერთი ლიდერი, რამაზ გაგნიძე დარწმუნებულია, რომ ხელოვნურად არის გაზრდილი ვირუსის შემთხვევების რიცხვიც და კორონათი დაღუპულთა რაოდენობაც. ამ მოსაზრებას სხვადასხვა არგუმენტით ამყარებს:
„ხელისუფლება 3 მილიარდ დოლარს ელოდება დახმარების სახით მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციისგან, ვითომ პანდემიასთან საბრძოლველად და ფული რომ მიიღონ, ჯანმოს ბრძანებებს ასრულებდნენ. ხალხს იმის ნებას არ რთავენ, რომ საკუთარი მიცვალებული დაასაფლავონ, რომელიც კორონათი კია დაღუპული, მაგრამ რამდენიმე თანმდევი დაავადება ჰქონდა. ზოგიერთი ისეთი დაიღუპა, ნებისმიერი ვირუსი და გრიპი მოკლავდა იმ ხალხს, რადგან იმუნიტეტი განულებული ჰქონდათ. არც დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების უფლებას აძლევენ, რომ დარწმუნდნენ ოჯახის წევრები, კორონამ მოკლა თუ არა კონკრეტული ადამიანები თუ სხვა სახის ვირუსი ან ენტეროვირუსის გამო დაიხოცნენ.
არ ვამბობ, რომ კორონა არ არსებობს, არ ვამბობ, რომ კორონათი ხალხი არ იხოცება, მაგრამ არ მჯერა ამათი სტატისტიკისა. თან ამ კორონას აჰკიდეს ყველაფერი და აკრძალეს უამრავი ტრადიციული რიტუალი, ხალხი დააშორეს ერთმანეთს. მშობლები შვილებს ვერ ნახულობენ, დები და ძმები ერთმანეთს, მეგობრები, ახლო ნათესავები და მეზობლებზე აღარაფერს ვამბობ, ყველა ერიდება ერთმანეთთან სტუმრობას, მონახულებას. ესეც ტრადიციების მოშალაა, მეტი არაფერი და ეს არის ზუსტად მასონების, გლობალისტების გეგმის ნაწილი. საუბედუროდ, ეს მარტო ჩვენთან არ ხდება, თითქმის მთელ მსოფლიოში ხდება, მაგრამ ჩვენ ჩვენი მკვდარი უნდა ვიტიროთ.
ეს კორონა–პანიკა კიდევ ნერვულ სისტემას ანგრევს, იმუნიტეტს აქვეითებს და იმუნიტეტდაქვეითებული ორგანიზმი კორონას კი არა, უბრალო სურდოს ვეღარ ებრძვის. ხალხი ლამის არის ჭკუიდან შეშალეს. ეს კორონაპანდემია რომ დასრულდება, ჩვენ ძალიან ბევრი ფსიქიატრი და ნევროპათოლოგი დაგვჭირდება და ხელისუფლებამ ამაზე ახლავე უნდა დაიწყოს ზრუნვა. ამას სრულიად სერიოზულად ვამბობ, ხალხში მასობრივი ფსიქოზია უკვე.
გარდა ამისა, ათასობით ადამიანი ლუკმაპურის გარეშე დარჩა, ხალხი შიმშილობს… კორონამ შეიძლება არ მოგკლავს, მაგრამ შიმშილს ვერ გადაურჩები. მერე, შვილს რომ მოშივდება, მშობელი ყველაფერზეა წამსვლელი. ყველა არ დაჯდება ქუჩაში სამათხოვროდ. ბევრი სხვა გზას აირჩევს, შვილს პურის ფული რომ უშოვნოს, სხვას წაართმევს, იქურდებს, იყაჩაღებს და უფრო მძიმე დანაშაულებებიც მოხდება, დარწმუნებული ვარ. მალე კატასტროფული კრიმინოგენული ვითარება იქნება ქვეყანაში, ეს სახელწიფოს მაგვარი კი, ბიძინა ივანიშვილმა რომ შექმნა, კრიმინალის ამგვარ მოზღვავებასთან საბრძოლველად მზად არ არის. არავის ვაშინებ, რაც ახლო მომავალში მოგველის, იმას ვამბობ”, – განაცხადა რამაზ გაგნიძემ.
წყარო: ალია