ადვოკატი, ვალერი გელბახიანი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და ოლიგარქ ივანიშვილზე საუბრობს “ალიასთან”.
გთავაზობთ ინტერვიუს უცვლელად:
– ბატონო ვალერი, ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ გასცდნენ ოპოზიციის, უკრაინის მთავრობის წევრებისა და ევროკავშირის კრიტიკასა და ლანძღვა–გინებას. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს მარაზმი? არანაირი იდეა, არანაირი კონკრეტული საქმე არ ჩანს, რომ ქვეყანაში რომელიმე სფეროში რაღაც სასიკეთოდ შეიცვალოს. გასაგებია, ხელისუფლებას არ უნდა ევროკანდიდატის სტატუსი, მაგრამ ხომ შეიძლება ქვეყანა არ იყოს ევროკავშირის წევრი, მაგრამ ეკონომიკურად, სოციალურად და სხვა მხრივ განვითარდეს?
– ვწუხვარ, რომ საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე, საქართველოს მთავრობა და მისი უმაღლესი წარმომადგენელი, ირაკლი ღარიბაშვილი აღმოჩნდნენ იზოლაციაში. აგერ მოლდოვაში, ევროპული გაერთიანების სამიტზე, ღარიბაშვილი ყველა ქვეყნის ლიდერმა უღირსად ჩათვალა, რომ მასთან პირადად ესაუბრა და რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმულიყო საქართველოსთან მიმართებაში. ასეთი რამ როდესაც ხდება, კონკრეტული ქვეყნის პირველ პირს როდესაც არავინ ესალმება, არავინ ესაუბრება და ყველა იგნორირებას უკეთებს, გამოდის, რომ პრობლემა არის ჩვენში, ამ ქვეყნის მოქალაქეებში. ევროკავშირის, უკრაინის, ოპოზიციის და ყველას კრიტიკა, ეს კუდიანებზე ნადირობა და რუსეთის კრიტიკის გარეშე დატოვება, მისი შიშით ხმის ამოუღებლობა ღარიბაშვილის, ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენლის მიერ, ეს უკვე ნიშნავს, რომ კატასტროფული მდგომარეობაა ქვეყნის საგარეო ურთიერთობებში. ამას არანაირი ისეთი კომენტარი აღარ სჭირდება, რომელიც არგუმენტს და დამაჯერებლობას მოითხოვს, ფაქტი სახეზეა. სამარცხვინო ვითარებაშია ქართული სახელმწიფო საერთაშორისო ასპარეზზე. ასეთი რამ არც მახსოვს და ალბათ, არც მომხდარა მსოფლიოში, რომ ქვეყნის პირველი პირი ჩადიოდეს ამხელა სამიტზე და მას ზედ არ უყურებდნენ, ხელსაც არავინ ართმევდეს. ამას ლუკაშენკოსაც არ აკადრებდნენ თავის დროზე. თუ სადმე ჩადიოდა ლუკაშენკო, ელაპარაკებოდნენ და სხვა საქმეა, რამდენად აზრიანი, საქმიანი და შედეგიანი იყო ეს მოლაპარაკებები თუ უბრალო ფორმალობა იყო. ერთი განმასხვავებელი ნიშანიღა დარჩა რუსეთის პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს შორის: რუსეთის პრეზიდენტი საერთაშორისო დამნაშავედ არის გამოცხდებული და ღარიბაშვილი ჯერ არ ფლობს ასეთ სტატუსს. როგორც ჩანს, ისწრაფვის ბატონი ღარიბაშვილი, რომ მიიღოს ეს სტატუსი და დიდხანს არ მოუწევს მოცდა. ის ჟესტი, რაც მოლდოვას სამიტზე აშკარად, გამოხატულად დავინახეთ ევროპელი ლიდერების მიერ ღარიბაშვილის მიმართ, რაც მოვისმინეთ უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის მიერ, სხვას არაფერს მაფიქრებინებს. ზელენსკი დღეს ძალიან გავლენიანი პოლიტიკური ფიგურაა მსოფლიოს მასშტაბით. მისი შედარებაც კი არ შეიძლება პუტინთან. მსოფლიოს პოლიტიკაში მის ნათქვამს წონა აქვს და დიდ ანგარიშს უწევენ. ჩვენი ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ უკრაინლებთან ურთიერთობას თუ ვერ დაათბობს, გაანეიტრალოს მაინც, პირიქით აკეთებეს – აღრმავებენ უკრაინასთან დაპირისპირებას. ჩვენს დეპუტატებს და მინისტრებს ჰგონიათ, რომ უკრაინას და მისი ხელისუფლების ლიდერებს როდესაც ლანძღვენ, ამ ლანძღვას არ უთარგმნიან და არ უგზავნიან უკრაინის ხელისუფლებას და პრეზიდენტ ზელენსკის. ამით კრიზისი ღრმავდება არა მარტო უკრაინასთან, არამედ მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან. ცეცხლზე ნავთს ასხამენ, სწრაფად უნდა ააფეთქონ ყველაფერი. მსოფლიოს არ უნდა ასე სწრაფად აფეთქება, მაგრამ „ქართული ოცნება“ ჩქარობს, რომ ეს აფეთქება რაც შეიძლება მალე მოხდეს.
– „ქართული ოცნების“ ამ ქმედების მიზანი რა არის? ევროპასთან დაშორება და ევროკავშირის კანდიდატის ჩაგდება?
– ეგ თავისთავად, მაგრამ ამათი საბოლოო მიზანი არის ციხე. ქართული ანდაზაა, ქათამმა თხარა თხარაო და თავისი დასაკვლელი დანა გამოთხარაო. ესენიც თავიანთი ყელის გამოსაჭრელ დანას თხრიან, ციხის კარებისკენ მიმავალ გზას თხრიან. სხვა დასასრული ამას არ ექნება.
– იყო მოლოდინი, რომ ამერიკა მოსამართლეთა დასანქცირების მერე, ბიძინა ივანიშვილს, მისი კლანის წევრებს, რომლებიც ხელისუფლებაში არ არიან და ხელისუფლების წარმომდგენლებს დაასანქცირებდა. შესაბამისად, ევროკავშირიც დაასანქცირებდა ამ ხალხს. რატომ არ ასანქცირებენ?
– ამერიკა არასოდეს არ ჩქრობს. ამერიკა არ არის ის ქვეყანა, რომელიც აჩქარებულად და გაუთვლელად რაიმეს გააკეთებს. ამერიკის ხელისუფლებამ 4 მოსამართლე დაასანქცირა და ეს იყო სიგნალი, გამაფრთხილებელი და პრევენციული ნაბიჯი. საქართველოს ხელისუფლებამ ეს გაფრთხილება გაატარა, ვითომც არაფერი, ისევ ძველ, რუსეთის მაამებელ საგარეო კურსს ატარებს და შიგნით ყველაფერს აკეთებს არადემოკრატიული გარემოს შესქმნელად, არადაემოკრატიულ კანონებს იღებს ძალაუფლების შესანრჩუნებლად. ვფიქრობ, ამერიკა მალე დაასანქცირებს ყველას, ვინც დასასანქცირებელია, ივანიშვილსაც და სხვებსაც. მერე არც ევროკავშირი დააყოვნებს სანქციებს.ამერიკამ შანსი მისცა, რომ თავი არიდონ სანქციებს და არ იყენებენ. პირიქით, იმაზე უარეს აკეთებენ, ვიდრე ადრე. მერე იმას მაინც ვერ იტყვიან, ამერიკამ არ გაგვაფრთხილა და ისე დაგვასანქცირესო. გააფრთხილეს და თან არაერთხელ.
– პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ოპოზიცია გაუწყრა, პროდასავლურ განცხდებებს აკეთებს, მაგრამ მის სიტყვებს შესაბამისი საქმეები არ მოჰყვებაო. მისგან, სულ მცირე, ნიკა გვრამიას შეწყალებას მოითხოვენ, სააკაშვილისას თუ არა. ზოგადად კი, ბევრს ვერ გაურკვევია, ზურაბიშვილი მართლა ხელისუფლების ოპოზიციაში თუ იმას ლაპარაკობს ევროპული ტრიბუნიდან, რაც ბიძინა ივანიშვილთან აქვს შეთანხმებული?
– ლოგიკაც მკარნახობს, რომ ნიკა გვარამიას შეიწყალებს. ამას წინათ მოვუსმინე სალომე ზურაბიშვილის ახალ კომენტარს, სადაც სააკაშვილზე საუბრობს. ამბობს, თუ შეწყალების აქტი არ იქნება გამოყენებული, ის ყოფილი პრეზიდენტია და ღირსეულად უნდა მოვეპყრათ ციხეში და ხელი უნდა შევუწყოთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესდეს, მაგრამ ამის ნაცვლად ჩვენ სხვა სურათს ვხედავთო. ეს მაფიქრებინებს, რომ რაღაც არის ამასთან დაკავშირებით. თუმცა, შეწყალებას არ ველოდები. უფრო ნიკა გვარამიას შეწყალებას ველოდები და ამის შემდეგ ვნახოთ, მგონი სააკაშვილთან მიმართებაშიც რაღაც ნაბიჯები გადაიდგმება. რა იქნება კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ მოლოდინი მაქვს.
– თუ სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა, მისი შეწყალებული იქნება თუ ბიძინა ივანიშვილისა? დამოუკიდებელი იქნება პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება თუ ივანიშვილის დაკვეთას შეასრულებს?
– სალომე ზურაბიშვილს გარკვეული ვალდებულებები აქვს ბიძინა ივანიშვილის წინაშე და ეს ყველამ იცის. ივანიშვილი მიყუჩებულია და ხმას რომ არ იღებს, სალომეს იმედი აქვს, რომ ვითარებას ბოლომდე არ გაამწვავებს, ევროსაბჭოს ტრუბუნიდან საკმაოდ კონსტრუქციული სიტყვა წარმოთქვა. არანაირი კრიტიკა არსაიდან ისმოდა. მისი სიტყვა აწყობილი იყო იმაზე, რომ კარგი წარსულის ქვეყანა ვართ, იმთავითვე ევროპელები ვართ და უნდა მოგვცეთ და გვეკუთვნის კიდეც ევროკანდიდატის სტატუსიო. გასგებია, ეს ევროპელებმა იციან და კარგი გამოსვლა იყო. თუმცა, იმას ვერ ვიტყვით, რომ სალომე ზურაბიშვილი იმ ძაფს ჭიმავს, მის გაწყვეტას ლამობს, რომლითაც ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული. ამიტომ მგონია, რომ ივანიშვილი მის მიმართ აგრესიულად არ არის განწყობილი. სალომე ზურაბიშვილი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ჯერჯერობით, ასრულებს იმ ფუნქციას, რაც ივანიშვილს აწყობს. ივანიშვილს, ერთის მხრივ, ჰყავს რადიკალური პარლამენტი, მეორეს მხრივ ჰყავს დამაბალანდებელი პრეზიდენტი. იმ აგრესიას, რომელიც მოდის მისი და „ქართული ოცნების“ მიმართ დასავლეთიდან, პრეზიდენტით აბალანსებს, სალომე ზურაბიშვილი გამოიყურება ევროპელ დემოკრატად.
– გამოდის, რომ ივანიშვილი დასავლეთთან ყველა ხიდს არ სწვავს და იტოვებს სათადარიგო ვარიანტს ზურაბიშვილის სახით?
– მე ჩემი მოსაზრება მაქვს. ბიძინა ივანიშვილი ვაჭრობს დასავლეთთან, რომ არ შემიქმნათ საფრთხე, არ ჩაერიოთ არჩევნებში, ჩემი ფული დამიბრუნეთ შვეიცარიის ბანკიდან, თორემ ბოლომდე მივეყიდები რუსეთსო. პოლიტიკური ვაჭრობის ეს ფორმულა ძალიან კარგად იციან ევროპამაც და ამერიკამაც. ბიძინა ივანიშვილი ახლოს ვერ მივა, ისეთ ლიდერებთან უვაჭრიათ. ისინი არ ღებულობენ ივანიშვილის ამ მოთხოვნას, რომელიც ერთგვარი ულტიმატუმიც არის. ცოტა ხანში, ისეთ კრიტიკულ ფაზაში შევა ივანიშვილის მოკავშირე რუსეთი, იმდენად სამარცხვინო გახდება რუსეთის მოკავშირეობა კი არა, მის მიმართ ოდნავ კეთილგანწყობილი განცხადების გაკეთებაც კი, რომ ივანიშვილი უგანებს პარლამენტსაც, მთავრობსაც და მათ პრორუსულ, ანტიდასავლურ და ანტიუკრაინულ განცხადებებს შეაფსებს, როგორც ქვეყნის ინტერესების საწინააღდეგოს და ბოლოს საერთოდ გაყრის მაგათ.
– ხელისუფლების ლამის ყველა სპიკერი აცხდებს, რომ თუ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, ეს ოპოზიციის ბრალი იქნება, რადგან ისინი ჩადიან ბრიუსელში და ევროპარლამენტის, ევროკავშირის სხვა სტრუქტურების წარმომადგენლებს ეუბნებიან, რომ არ მისცეთ საქართველოს სტატუსიო.
– ეს, ასე რომ იყოს,ევროპელები მაგას არ დამალავდნენ და იტყოდნენ, რომ ოპოზიციის მოთხოვნა ასეთიაო. ამათ ენას ძვალი არ აქვს, ყველაფერს კადრულობენ და ცხადია, იმასაც იტყვიან, რომ სტატუსი არ მოგვცეს, რადგან ოპოზიციამ ქვეყნის საწინააღდეგოდ იმუშავა, მათ ჩააგდეს სტატუსიო. თუ ოპოზიციას ამდენი წონა აქვს ევროპაში, ამდენის გაკეთება შეუძლია, მაშინ შენ რა გინდა ხელისუფლებაში? ოპოზიცია უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, თუ ევროკავშირის ლიდერი პოლიტიკოსები მას უჯერებენ. ბარემ ევროკომისიის მოთხოვნლი ის 12 პუნქტიც ოპოზიციამ შეასრულოს. მეტი რა ვთქვა? ქვეყნისა და ხალხის მავნებლები არიან „ქართულ ოცნებაში“.