პოლიტიკოსმა დავით ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და უკრაინის რადას დეპუტატის, ლიზა იასკოს შვილთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ გამოხმაურებებზე პოსტი გამოაქვეყნა.
„მიშას და ლიზა იასკოს ბავშვზე რომ ატყდა ხმაური, ამაზე ერთი ძველი ამბავი გამახსენდა, ცხონებული მამაჩემის მონაყოლი.
1917 წელს, როდესაც რუსეთში მონარქია დაემხო, გურიაში ადგილობრივმა რევოლუციონერებმა გადაწყვიტეს ხალხისთვის აეხსნათ თუ რატომ გახდა საჭირო მეფის ჩამოგდება. ოზურგეთის მაზრის სოფელ შემოქმედში ეს საქმე დაავალეს ერთ ადგილობრივ პროლეტარს, მთელი დღე სოფლის ბირჟაზე რომ იდგა, პოლიტიკისა ბევრი არაფერი გაეგებოდა, მაგრამ შესაფერისი სოციალური წარმომავლობის პერსონა სხვა ვერ ნახეს. ის კი უარობდა, რა ვილაპარაკო, აზრზე არა ვარო, მაგრამ ამაოდ, უნდა გამოხვიდე მიტინგზე და აუხსნა ხალხსო.
მართლაც, შეიკრიბა სოფლის ცენტრში ხალხი, გამოდის ეს ტიპი და ამბობს: აი, ჩვენ რომ მჭადი და ყველით ძლივს გაგვქონდა თავი, მაშინ მეფე და მისი ოჯახი სულ კატლეტებს მიირთმევდაო; მერე მიკიბა, მოკიბა და ისევ, აი, ჩვენ რომ გვშიოდა, მაგენი სულ კატლეტებს ჭამდნენო და მოკლედ, ლაპარაკობს, ლაპარაკობს და კატლეტებს იქით ვერ მიდის.
უსმენს ხალხი უსმენს და როცა ორატორი კვლავ მიადგა კატლეტებს, უცებ ერთი იძახის:
– მეტი თუ არაფერი დუუშავებია, მაი ქე ვაპატიოთ, კაცო!
ჰოდა, ესაა ჩემი კომენტარიც~ , – წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენეთ, ელიზავეტა იასკომ განაცხადა, რომ დედა გახდა. მისი პირველი შვილის მამა კი, ციხეში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, 55 წლის მიხეილ სააკაშვილია. ამის შესახებ გამოცემა „tabloid.pravda.com.ua“ წერს.
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი შვილი დაიბადებოდა ჩვენი ქვეყნისთვის ომის ამ საშინელ რეალობაში. ზაფხულის დაწყების დღეს უმეტესობას ბოლო დღეები არ გვეძინა. ზაფხულზე არ ვფიქრობთ. ვფიქრობთ ჩვენი შვილების დაცვაზე. ჩვენი შვილები, ბავშვები, რომლებსაც, სამწუხაროდ, რუსეთის ყოვლისმომცველი აგრესიის გამო საკუთარ სახლში უსაფრთხოება არ აქვთ.
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ბავშვის მამა არ იქნებოდა თავისუფალი და ჯანმრთელი იმ ძალიან მნიშვნელოვან მომენტებში, როცა ერთად ვგეგმავდით ერთად ყოფნას. ჩემი შვილი ჩემი სიყვარულია. მამისთვის ჩვენი შვილი არის მისი უკრაინული ფესვები და უკრაინული გაგრძელება, რაზეც ოცნებობდა და სურდა ჰყოლოდა, ამაყობდა უკრაინის მოქალაქის პასპორტით.”
საინფორმაციო პორტალმა ambebi.ge-მ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იასკოს შვილი ერთი წლისაა და მას ჟასმინი ჰქვია.