ჟურნალისტი ბექა ყორშია სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
ის „ტვ იმედისა“ და რუსული მედიის ურთიერთმიმართებას ეხება.
„გრძელი პოსტი:)
მე ხშირად ვუყურებ “ტვ იმედს”. კი არ მეხალისება, უბრალოდ, ჩემი საქმის ნაწილია, დავაკვირდე, საით ქრის სამთავრობო პროპაგანდის ქარი. კვირის ბოლოს რეიტინგებსაც ვამოწმებ ხოლმე, რომ ვნახო რას უყურებს ხალხი.
ჩემი დაკვირვებით, “ტვ იმედის” რეიტინგი დგას პირველი – სერიალებზე, რომლებსაც ძალიან ძვირად ყიდულობენ, მიუხედავად მათი უკიდურესად მდარე ესთეტიკისა და შინაარსისა და მეორე – გასართობ გადაცემებზე. როგორც სერიალებს, ისე გასართობ გადაცემებს შუაში აქვთ ჭრები, სადაც შემოდის ქრონიკის ანონსი და წამყვანი მაყურებელს აცნობს, რას ნახავს, თუ დაელოდება.
წეღან ვიდეო რომ დავდე, მანდ ვახსენე სიტყვათშეთანხმება “აუდიო-ვიზუალური სტრესი”, რაც ჩემი მოფიქრებული არ არის, ამერიკელ მწერალს, ჰანტერ ტომპსონს ეკუთვნის, რითაც ის ახასიათებს ისეთ გასართობ გადაცემებს, რომელთა ერთადერთი მიზანი მაყურებლის შოკში ჩაგდებაა. შეიძლება ძალიან არ მოსწონდეს, რასაც უყურებს, მაგრამ შოკში ვარდება სანახაობით და სხვა არხზე გადართვის არც თავი აქვს და არც სურვილი. სწორედ ასეთი გასართობი შოუა “ვინ ვინ არის”, რომელშიც საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები მონაწილეობენ. ზოგს ფრანკენშტეინის ფორმა აცვია, ზოგს უცხო პლანეტელის, ზოგს ტრანსფორმერის. შეიძლება ვიღაც გამოვიდეს სფაიდერ-მენის ფორმით, გადაცემა შუაში გაწყდეს, ქრონიკის ანონსი გავიდეს და ანონსის მერე გავიგოთ, რომ სფაიდერ-მენის ფორმით მანანა არჩვაძე-გამსახურდია მღეროდა იავნანას. მაყურებელი ვარდება შოკში. გადაცემა სრულდება, მაყურებელი კი აგრძელებს ტვ იმედის ყურებას, სადაც წამყვანი ეუბნება, რომ რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ და ერთი ადგილი ინტენსიურად ვულოკოთ, თორემ ომი დაიწყება.
“ტვ იმედი” რუსული სამთავრობო მედიების უხეში კალკია და როგორც რუსული მედიების, ისე მისი რეიტინგიც ერთი შეხედვით, იდიოტურ გასართობ გადაცემებზე დგას. ამიტომ, ნუ შეხედავთ ასეთ შოუებს, როგორც უბრალოდ “გასართობს”. მეტი საქმე არ აქვს ბატონ ბიძინას თქვენს გართობაში ყაროს ფული“ , – წერს ის.