ახალციხის საკრებულოს დეპუტატის, ამბარცუმ ბაბოიანის 11 წლის შვილი ბრუცელოზით დაავადდა. დეპუტატის თქმით, ბავშვს სიმპტომები ახალციხის ბაზარში ნაყიდი ყველის ჭამის შემდეგ გამოუვლინდა. მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, თუმცა ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
„ახალციხის ბაზარში ნაყიდი ყველი ჭამა, უმარილო. აქედან გადავიდა დაავადება. თავიდან ექიმებმაც ვერ გაიგეს. 10–15 დღე სხვა რამეზე მკურნალობდნენ, 40 გრადუსამდე ასდიოდა ტემპერატურა. სახსრების ტკივილი და სისუსტე ჰქონდა. ბოლოს ლუგარის ლაბორატორიამ დაადგინა, რომ ბრუცელოზი იყო. 15 დღე „პედიატრიულ პრივატ კლინიკაში“ ვიყავით. დაახლოებით 25 აპრილს გამოუვლინდა სიმპტომები ბავშვს და დღემდე სიცხეები აქვს, ვმკურნალობთ. ძალიან ძნელი დასადგენი დაავადებაა“,–ამბობს ამბარცუმ ბაბონიანი.
ბრუცელოზი ადამიანზე დაავადებული პირუტყვის ხორციდან და რძის ნაწარმიდან გადადის. დეპუტატის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია მოსახლეობაში სწრაფად უნდა გავრცელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ სხვა ადამიანებიც დაავადდნენ. იგი გეგმავს სურსათის უვნებლობის სამსახურს უახლოეს პერიოდში მიმართოს.
„ძალიან საშიში გახდა გლეხისგან ყველის ყიდვა. როგორც ინფექციურ საავადმყოფოში ამიხსნეს, როცა ყველი ქარხანაში კეთდება და რძის ტემპერატურა ადის მაღალ გრადუსზე, ვირუსი კვდება. სახლის პირობებში 20 გრადუსამდეც არ არის და ამით ვირუსი ცოცხალი რჩება. მინდა, რომ ფრთხილად იყოს მოსახლეობა. ეს ისეთი დაავადებაა, რომ თუ დროული ყურადღება არ მიაქციე, ადამიანი შეიძლება დაიღუპოს. ჩვენს რეგიონში შემთხვევები ფიქსირდება და მგონია, რომ ეს ბევრმა არ იცის. ამის გამო შესაძლოა უბედური შემთხვევაც მოხდეს“,–აცხადებს ის.
ახალციხის ბაზრის დირექტორი, ვახტანგ ქართველიშვილი ამბობს, რომ რეგიონში ბრუცელოზის გავრცელების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. მოვაჭრეების ნაწილი კი გვიდასტურებს, რომ მიმდინარე წელს დაავადება ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაფიქსირდა.
„ჩემამდე არ მოსულა ეს ინფორმაცია. პირველად მესმის. გლეხმა შეიძლება მოიტანა ყველი და გაყიდა. ყველაფერს ლაბორატორიაში ვერ შეამოწმებ. ვინც იყიდა, სადაც იყიდა იმან უნდა მისცეს ჩვენება (უვნებლობის შესახებ). სურსათის ეროვნულ სააგენტოს ჰყავს კონტროლზე აყვანილი ბრუცელოზიანი ძროხები. ძალიან ხშირად დადიან ბაზარზე შემოწმებაზე“,–აცხადებს ის.
„საყუდაბელში საერთოდ მოუსპიათ საქონელი. ასპინძაშია გავრცელებული ახლა“,–აცხადებენ გამყიდველები.
ყველის გადამყიდველები გვეუბნებიან, რომ ინფექციის შემცველი პროდუქტის ყიდვის პრევენციას, მათ ხელთ არსებული ყველა გზით ცდილობენ.
„როცა ვიგებთ რომელ სოფელშია დაავადება, იმ სოფლის ყველს აღარ ვყიდულობთ. ამჟამად არავის გავუფრთხილებივართ დაავადების გავრცელების შესახებ. თუ გაგვაფრთხილებენ, უფრო მკაცრად მოვიქცევით“, – ამბობენ „სამხრეთის კარიბჭესთან“ გამყიდველები.
მათივე თქმით, ბოლო პერიოდში სმენიათ ისეთი შემთხვევების შესახებ, როდესაც რეგიონის სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული გლეხები დაავადებული საქონლის რძისგან დამზადებულ ყველს შედარებით იაფად ყიდიან.
მოვაჭრეებს ვკითხეთ – როგორ ახერხებენ გადამყიდველები გლეხისგან ნაყიდი რძის ნაწარმის უვნებლობის კონტროლს. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო რძის ნაწარმის კონტროლს პერიოდულად ახორციელებს, პასუხისმგებლობა მწარმოებლებსაც ეკისრებათ, რადგან მათ კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, თუ როგორი ყველი მოხვდება დახლზე გასაყიდად.
დაფიქსირდა თუ არა ბრუცელოზის შემთხვევები სამცხე–ჯავახეთში და რომელ მუნიციპალიტეტებში, ამის გასარკვევად “სამხრეთის კარიბჭე” სურსათის უვნებლობის სამსახურისგან ინფორმაციას ელოდება.
რა არის ბრუცელოზი
სურსათის ეროვნულ სააგენტოს ვებ–გვერდზე არსებული ინფორმაციით, ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი და ადამიანი. დაავადება ვრცელდება ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტის ან/და მისგან მიღებული პროდუქტის გამოყენებით.
ბრუცელოზით ავადდება როგორც შინაური, ასევე გარეული ცხოველი, მაგრამ დაავადების მიმართ განსაკუთრებით ამთვისებელია მსხვილფეხა საქონელი, ცხვარი, თხა და ღორი.
სოფლის განვითარების სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს წამყვანი სპეციალისტის, მერაბ ნასყიდაშვილის განმარტებით, ბრუცელოზით დაავადებული ხორცის საკვებად გამოყენება გარკვეული პროცედურების დაცვით შესაძლოა უსაფრთხო იყოს.
„ბრუცელოზი ვეტერინარული ზედამხედველობის კონტროლის ქვეშ არის. ბრუცელოზის დროს შინაგანი ორგანოები საკვებად არ გამოიყენება, ხორცი კი, თუმცა მდგომარეობასაც გააჩნია, რომელ სტადიაშია დაავადება. არის რიგი დაავადებები, რომლებიც ცხოველიდან ცხოველზე გადადის და სახელმწიფო არ აფინანსებს. ფერმერებს ვუწერთ წლის განმავლობაში განსახორციელებელი აუცილებელი სამკურნალო–პროფილაქტიკური ვეტერინარული ღონისძიებების სქემა–გრაფიკსაც“,– განმარტავს მერაბ ნასყიდაშვილი.
როგორ ვრცელდება ბრუცელოზი?
ბრუცელოზის ბაქტერია განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გამოიყოფა დაავადებული ცხოველის მოგების (მშობიარობის) პერიოდში ნაყოფთან, სანაყოფე გარსებთან და სანაყოფე სითხესთან ერთად. მიკრობები ასევე შესაძლებელია გავრცელდეს შარდითა და რძით.
ცხოველები ავადდებიან დაინფიცირებულ საკვებთან, წყალთან, სადგომთან, მოვლის და სხვა საგნებთან ექსპოზიციის დროს. ადამიანის დასნებოვნება ხდება ავადმყოფ ცხოველებთან კონტაქტით, დაინფიცირებული რძისა და რძის პროდუქტების გამოყენებისას, ავადმყოფი ცხოველის დაკვლის და მისი ტან-ხორცის, ტყავის, მატყლის დამუშავებისას. დაინფიცირების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშაა პერსონალი, რომელიც ცხოველს უწევს სამეანო (მშობიარობის, მომყოლის შეჩერების და სხვა) დახმარებას.
ბრუცელოზის აღმძვრელის ინაქტივირება შესაძლებელია რძის ადუღებით. ბაქტერია 600C-ზე გაცხელებისას კვდება 30 წუთში. შედარებით დიდხანს ძლებს ყველში. უსაფრთხოების მიზნით, არ მიიღოთ უმი ან არაპასტერიზებული რძე და რძის პროდუქტები. რეპროდუქციულ ქსოვილებთან შეხების დროს გამოიყენეთ დამცავი ტანსაცმელი (ხელთათმანი, ნიღაბი).
რა სიმპტომები (კლინიკური ნიშნები) აქვს ბრუცელოზს?
ცხოველებში დაავადება ძირითადად მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან ვლინდება აბორტებით; ხშირად ადგილი აქვს მასტიტებს (ცურის ანთება) და უნაყოფობას.
ადამიანებში ხშირია დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობა. ინკუბაციური (ფარული) პერიოდი გრძელდება ერთი კვირიდან რამდენიმე თვემდე. ახასიათებს: ცხელება, ზოგადი სისუსტე, სახსრების, კუნთების და თავის ტკივილი, ოფლიანობა, წონის დაკლება, უძილობა, დეპრესია და სხვა.
როგორ მოვიქცეთ ცხოველებში დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში?
დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში (აბორტის დროს), არ შეეხოთ ცხოველს შიშველი ხელებით, თვითნებურად არ დამარხოთ ან გადააგდოთ აბორტირებული ნაყოფი, დაუკავშირდით ვეტერინარ ექიმს, რომელიც აიღებს ნიმუშს და დიაგნოსტირებისათვის ლაბორატორიაში გადააგზავნის.
როგორ ხდება ბრუცელოზზე დიაგნოზის დადგენა?
ცხოველებში ბრუცელოზის დასადგენად საჭიროა სისხლის სინჯების ლაბორატორიული გამოკვლევა, ხოლო აბორტის შემთხვევაში, ნაყოფის და სანაყოფე გარსების ლაბორატორიაში გადაგზავნა.
როგორ მკურნალობენ ბრუცელოზით დაავადებულ ცხოველს?
დაავადებული ცხოველები მკურნალობას არ ექვემდებარებიან. დაავადების დადგენის შემთხვევაში ცხოველი უნდა დაიკლას სასაკლაოზე ვეტერინარული ზედამხედველობის ქვეშ.
წყარო: sknews.ge