თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გრიფით „საიდუმლო“ მასალები გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Report.ge ავრცელებს. გამოცემის ცნობით ინფორმაცია მათ ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა მიაწოდა.
მიხეილ რამიშვილისთვის უცნობია, რატომ ატარებს საქმეში გარკვეული ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოების სტატუსს. მისივე ინფორმაციით, საქმეში ასეთი გრიფით მინიმუმ 3 ტომი დევს. ადვოკატის თქმით, რომ მან უკვე მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით, მასალებზე წვდომასთან დაკავშირებით თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
„საქმის მასალებში სამი ან მეტი ტომია გრიფით საიდუმლო. მივმართეთ პროკურატურას შუამდგომლობით, მაგრამ დღემდე ველოდებით პასუხს. გვსურს გავეცნოთ ამ ინფორმაციას. სახელმწიფო მნიშვნელობის ინფორმაცია არის და რა მოიკვლიეს ჩემთვის უცნობია. ასევე ველოდებით ინფორმაციას „ვილა ალგეთში“ აღმოჩენილ საეჭვო ნივთებთან დაკავშირებით, მწერებთან და აღმოჩენილ სისხლის წვეთებთან დაკავშირებით.
ველოდებით ასევე ფსიქოლოგიურ – ფსიქიატრიულ ექსპერტიზას, რომელიც ჩვენ მოვითხოვეთ და დანიშნულია. გარდა ამისა, აშშ-დან ველოდებით Facebook-ის ინფორმაციას გადაადგილების მიმართულებების შესახებაც.“ – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.
ცნობისთვის, 18 სექტემბერს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, განაცხადეს, რომ გვამის გამოკვლევისა და საქმის მასალების შეჯამების შედეგად სიკვდილის მიზეზი, მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა. ოჯახს, გამოძიების ვერსიის არ სჯერა. თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლულია.