ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევა ბუკნარში მოხდა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის მკვიდრი გოგა კალანდაძე, ბახმაროდან ბრუნდებოდა. მანქანაში მხოლოდ ის იმყოფებოდა. იგი ოჯახის ერთადერთი შვილია.
გარდაცვლილი ახალგაზრდა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, აკეთის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის გოგი მორჩილაძის მეუღლის ახლობელია.
„გურია ნიუსი“ მომხდარის შესახებ სასაუბროდ მორჩილაძეს დაუკავშირდა, თუმცა მის ტელეფონს მისმა მეუღლემ, ნინო ღლონტმა უპასუხა.
„გარდაცვლილი ჩემი მამიდაშვილია. შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ჩაეძინა, ვინმემ, რამემ გადაურბინა თუ რა მოხდა ჯერ არ ვიცით არაფერი. ვიყავით შემთხვევის ადგილზე. იქ რაც ხდებოდა, უმძიმესი საყურებელი იყო. მოდიოდა ბახმაროდან. გაიარა ნათესავებთან ჩოხატაურში და შემდეგ ხეს დაეჯახა ავტომობილი. ადგილზევე დაიღუპა“, – გვითხრა მორჩილაძის მეუღლემ.