გუშინ სოციალური ქსელის ერთ-ერთ სამედიცინო ჯგუფში ახალგაზრდა ქალი კოვიდინფიცირებული მშობლებისთვის დახმარებას ითხოვდა და წერდა:
„გამარჯობა! ორივე მშობელი მყავს მძიმედ კოვიდინფიცირებულები! რეანიმაცია ესაჭიროებათ! ყველა თუ ვინმე მყავდა, ნაცნობი შევაწუხე, იქნებ ერთისთვის მაინც მიპოვოთ-თქო და ამ დრომდე არაფერია. იქნება დამეხმაროთ და ერთის სიცოცხლე მაინც შემინარჩუნოთ! გემუდარებით“.
მალევე, ამაზე პოსტით გაირკვა, რომ ქალს ჯერ დედა, მოგვიანებით კი მამაც გარდაეცვალა.
„თქვენ მომკალით, დედი, მამიი, მიკო რომ არა, თავს მოვიკლავ, მიშველეთ!… შემეშვით, მამაც აღარ მყავს!“ – წერს მარი კაკაურიძე“, – დაწერა გარდაცვლილების შვილმა სოცქსელში.
მანამდე, მშობლების ინფიცირების შესახებ მარი კაკაურიძე ვრცელ ისტორიას ჰყვებოდა:
„ჩემი მშობლები სახლში მკურნალობდნენ! გახდნენ შეუძლოდ. მამას გაუკეთეს პსრ-ტესტი და დააწვინეს კლინიკა „ბომონდში“.
3 დღის შემდეგ მოვიდა უარყოფითი პასუხი და გამოწერეს სახლში. თბილისიდან ჩასულს მამა დამხვდა ცუდად. ვრეკავ 112-ში და ველოდები მათ 2 საათი. არავინ მოდის, ჩემით მიმყავს „გორმედის“ კლინიკაში, გზაში გამიხდა უფრო ცუდად. ვიძახებ გორის სასწრაფოს და მოდიან 30 წუთში დაახლოებით, მამასთან არავინ ჯდება მედპერსონალი და მე დავუჯექი! გორმედში მისულები 1 საათი დაახლოებით დერეფანში ვიყავით, არავინ გაუკეთა დამამშვიდებელი, სანამ არ ვიყვირეთ. გამოჩნდა 2 ღვთისნიერი ექიმი და იმათ მიმიხედეს და მომიყვანეს დღემდე! ახლა მამას სჭირდება სასწრაფო რეანიმაცია, 2 დღეა და არაფერია! 1505-ს, 112-ს მიმართეო, 112-მა ექიმები აგვარებენო, ექიმმა შენ იპოვე ექიმიო! მამას აქვს კოვიდი და ინსულტი.