თბილისში, 25 წლის გურამ ბოიკო ცივი იარაღით მოკლეს. ბოიკო წარმოშობით სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორიდან იყო.
მოკლულის ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ თბილისში, „ლისი მერეში“, ძმის ქორწილში იმყოფებოდა.
თვითმხილველების თქმით, სუფრასთან ახალგაზრდებს შორის დაწყებული დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.
ბოიკო ინციდენტის მონაწილეების გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც, მას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.
“20 ადამიანი იყო და ვერც ერთმა ვერ დაინახა. ჩხუბი იყო, ჩემი დის შვილი აშველებდა. არ იყო ინიციატორი, უბრალოდ აშველებდა რომ ქორწილს ჩაევლო ნორმალურად. მეტს ვერაფერს გეტყვით ფიზიკურად.
დანით არის დაჭრილი. არავინ არის დაკავებული, ეძებს პოლიცია,“ – აცხადებს მოკლულის ნათესავი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
