დღეს, 12 მარტს, ლას ვეგასში, UFC 221-ზე მერაბ დვალიშვილი თავის ერთ-ერთ უმთავრეს და პრინციპულ კონკურენტს, დივიზონის ყოფილ ჩემპიონს, რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდა.
მძიმე და ხანგრძლივი ბრძოლა მერაბ დვალიშვილის უპირატესობით წარიმართა. ქართველისა და რუსის დაპირისპირება ხუთი რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა და ხუთივე რაუნდში დვალიშვილის დომინაცია აშკარა იყო. მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მერაბმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და UFC-ის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი დამაჯერებლად დაამარცხა.
მას ყოველთვის თან აქვს საქართველოს რუკის ფორმის ყელსაბამი და ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე, მებრძოლმა ის რეპორტიორებსაც აჩვენა.
დვალიშვილმა “სეტანტა სპორტთან” საუბრისას თქვა, მან მიიღო შეტყობინება, სადაც ეწერა, რომ მომდევნო ბრძოლის დროს არ ჰქონდა უფლება ეს ყელსაბამი თან ჰქონოდა, თუმცა მან ალტერნატიულ გზას მიმართა და საქართველოს რუკის ფორმის ტატუ გაიკეთა.
“მომწერეს, მეილი მომივიდა, მითხრეს, რომ არ მქონდა უფლება შემდეგ ბრძოლაზე ჩემი ყელსაბამი გამომეტანა, მე ავდექი და ტატუ გავიკეთე. ჩემი საქართველო მაქვს გულთან ახლოს და ყოველთვის ვეცდები, რომ ღირსეულად წარმოვადგინო”, – ამბობს მერაბ დვალიშვილი.
