სასამართლო ოთარ ფარცხალაძის კიდევ ერთი ბრალდების საქმის არსებით განხილვას იწყებს – საქმე ე.წ. ქოლ ცენტრების ეპიზოდს ეხება.
დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა, 4 ნოემბრიდან კი მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება.
პროკურატურა ამბობს, რომ რუსეთის აგენტოაბაში ბრალდებული ექს-პროკურორის წინააღმდეგ პირდაპირი სამხილები აქვთ.
წინასასამართლო სხდომაზე გასავლელი საკითხები, რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, გაიარა სასამართლომ. სრული მოცულობით იქნა ინფორმაცია დამტკიცებული, როგორც მტკიცებულებები. პროცესი ჩაინიშნა 4 ნოემბერს და შესაბამისად, უკვე დაიწყება საქმის არსებითი განხილვა.
საქმეში მოიპოვება ყველა ის მტკიცებულება, რაც სრულიად საკმარისი იქნება გამოკვლევის შემდეგ, რომ თითოეულ ბრალდებულთა მიმართ გამოტანილი იყოს გამამტყუნებელი განაჩენი. ჩვენ ვსაუბრობთ, როგროც მოწმეების ჩვენებებზე, ასევე ვსაუბრობთ სხვა მტკიცებულებებზე გამოთხოვილი იქნება ეს თუ ამოღებული, დეტალური გამოკვლევა მოხდება ამ ყველაფრის და მე დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო საბოლოო ჯამში გამამტყუნებენ განაჩენამდე მივა”. – განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა.
დაცვსი მხარე კი ირწმუნება, რომ ბრალდებსი მხარეს საქმეში არცერთი ნეიტრალური მტკიცებულება არ აქვს.
ოთარ ფარცხალაძე-რომანივის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის მტკიცებით, პორკურატურის მთავარი მოწმეები, რომლებიც ასევე ბრალდებულები არიან, თავისუფლებისა და შეღავათებისთვის “ზღაპრებს იგონებენ”.
საკუთარი თავისა და ტყავის გადარჩენის მიზნით, ადამიანები მხოლოდ იმის გამო, რომ მიიღონ თავისუფლება და საპროცესო შეღავათები, იგონებენ ზღაპრებს. ბრალდების მთავარი მოწმეები (იგონებენ ზღაპრებს), ადამიანები, რომლებიც თავად არიან მხილებულნი თაღლითობაში, ამ ადამიანების სჯერათ უცილოდ სახელმწიფოს წარმომადგენლებს, რაც არის ძალიან დიდი კრახი სახელმწიფო უწყებებისთვის, ამიტომ ნეიტრალური მტკიცებულებები უნდა იქნეს წარმოდგენილი”, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
ცნობისთვის, 18 თებერვალს ქოლ-ცენტრების საქმეზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით 10 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქართველოს პროკურატურის ცნობით, ბრალდება დაუსწრებლად წარედგინათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და “დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს – დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს”, ხოლო ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნო სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ გიორგი მიქაძეს. პროკურატურის განცხადებით, “ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ელისო კილაძე”.
ბრალდება ასევე წარედგინათ – გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძეს და გიორგი კამლაძეს, “რომლებმაც ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყვეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას”. პროკურატურა, “გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით”, მათთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ფარცხალაძე და მიქაძეები „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებისთვის არიან პასუხისგებაში მიცემულები.
