ზ.ხ-ს მამა თამაზ ხომასურიძე მუქარის, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის და ცრუ ჩვენების ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეო-ჩანაწერებით დგინდება, რომ ხომასურიძემ ფალსიფიკაციის და მოსალოდნელი სასჯელის თავიდან აცილების მიზნით, დანაშაული დაგეგმა და განახორციელა.
ხომასურიძემ მეგობარს სთხოვა ორი მობილურისა და სიმ ბარათის შეძენა, ასევე გურამ ამირხანაშვილის სახლთან მისვლა და წინასწარ შეთანხმებული ტექსტებით შეტყობინებების გაგზავნა. ერთი მობლიური ტელეფონიდან, რომელიც გურამ ამირხანაშვილის სახლთან ფიქსირდებოდა გააგზავნა შეტყობინებები მეორე ტელეფონზე, რომელიც შსს-ს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ ფიქსირდებოდა.
ზ.ხ.-ს მამამ ფალსიფიცირებული მტკიცებულება შექმნა და სრუდა, შეექმნა წარმოდგენა, რომ თითქოს საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს, საქმის ერთ-ერთ მოწმესთან – გურამ ამირხანაშვილთან, სპეციალურად მისთვის განკუთვნილი მობილური ტელეფონით ჰქონდათ კავშირი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მუქარის, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამა დააკავეს.ბრალდებული დაუკავშირდა მეგობარს, რომელსაც დაავალა რეგისტრაციის გარეშე, ორი მობილური ტელეფონის და სიმ ბარათის შეძენა, ასევე, გურამ ამირხანაშვილის სახლთან მისვლა და წინასწარ შეთანხმებული ტექსტებით აღნიშნულ ტელეფონებზე მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.
ბრალდებულის მეგობარი მივიდა ვაზისუბანში, გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმის – გურამ ამირხანაშვილის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც, წინასწარი შეთანხმებით, მისივე ნაყიდი ერთ-ერთი მობილური ტელეფონის საშუალებით გააგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება მეორე ტელეფონზე, რომელიც უკვე არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამას ჰქონდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დროს, ბრალდებული წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა და მიზანმიმართულად, აღნიშნული ადგილებიდან ახორციელებდა მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიღებას და გაგზავნას.
გამოძიებით დგინდება, რომ არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამამ ფალსიფიცირებული მტკიცებულება შექმნა, თითქოს საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს, საქმის ერთ-ერთ მოწმესთან – გურამ ამირხანაშვილთან, სპეციალურად მისთვის განკუთვნილი მობილური ტელეფონით ჰქონდათ კავშირი.
ამასთან, ბრალდებულმა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით, სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა.
გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ბრალდებული გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების მიმართ, მედიასაშუალებებში გაკეთებული განცხადებებით სისტემატურად ახორციელებდა სხვადასხვა სახის მუქარას. კერძოდ, დაკავებული ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოწმეებს: გურამ ამირხანაშვილსა და იაკობ ბრეგვაძეს, ასევე, გიორგი შაქარაშვილის ბიძას – მირიან ნიკოლაძეს. ამ უკანასკნელის მიმართ, ასევე, ის სისტემატურად ახორციელებდა მუქარას სოციალური ქსელის საშუალებით.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 369(1) მუხლის მესამე ნაწილითა და 370-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს” – განაცხადეს შსს-ს ბრიფინგზე.