თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ახალგაზრდა პროგრამისტის გარდაცვალების საქმეში არსებულ დრონით გადაღებულ ვიდეომასალას გაეცნო. ადვოკატის განცხადებით, ვიდეომასალაში გაურკვეველი ტერიტორიებია გადაღებული, ხოლო ის კადრები, სადაც ბაჩალიაშვილის ავტომობილი აღმოაჩინეს, გადაღებული არ არის.
“ჩანაწერები არის გაკეთებული 19 ივლისიდან 21 ივლისამდე. სულ არის გაკეთებული 9 ჩანაწერი. გადაღებულია 62 სურათი. ყველაზე დიდი მასალა არის 21- წუთიანი. მიახლოებითაც კი არ არის დაფიქსირებული შემთხვევის ადგილი. გაურკვეველი ტერიტორიებია გადაღებული, გაურკვეველი ტყე, რკინიგზა. არ ვიცი, სად ახორციელებდა თეთრიწყაროს პოლიცია დრონით გადაღებებს და სად ახორციელებდნენ სამძებრო სამუშაოებს, ჩემთვის გაუგებარია.
თეთრიწყაროს რაიონის პოლიცია არანაირ სამძებრო სამუშაოებს არ ახორციელებდა. ალბათ, რამდენიმე კილომეტრის იქით ეძებდნენ, რაღაც სოფლები არის დათვალიერებული. ეს არის არაფრის მომცემი კადრები. სპეციალურად არ ჩატარდა სამძებრო სამუშაოები იმ მიმართულებით, სადაც ბოლო ინფორმაციით გაიარა თამარის ავტომობილმა.
მივყვებით ახლა საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობას, ჩვენებების გაცნობას და ველოდები 18-22 ივნისის სატელიტის ფოტოებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დადასტურდეს, იდგა თუ არა იქ თამარის ავტომობილი” – განაცხადა რამიშვილმა.