გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულმა ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა ზ.ხ.-მ და მისმა მამამ, თამაზ ხომასურიძემ, შიმშილობა დაიწყეს. როგორც თამაზ ხომასურიძემ თქვა, სამი დღის შემდეგ ის მშრალ შიმშილობაზე გადავა, ერთი კვირის თავზე კი პროტესტის კიდევ უფრო რადიკალურ ზომას მიმართავს. თამაზ ხომასურიძემ შიმშილობა გენერალური პროკურატურის წინ დაიწყო. ახალი დეტალების შესახებ “რადიო თავისუფლებასთან” საუბრობს.
„მე ვარ კონტრდაზვერვის დივერსიული ჯგუფის ყოფილი თანამშრომელი. ამ ტიპის საქმეს, ჩვენ ნახევარ საათში გავხსნიდით. მე რომ ახლა კანონიერი უფლება და რესურსი მქონდეს, ორ დღეში დავულაგებ გამოძიებას, რა მოხდა და როგორ. თუმცა, ჩემს ყოფილ თანამშრომლებს ვთხოვე დახმარება, მათ მოიპოვეს ინფორმაცია. საბურთალოელებთან ჩავნერგეთ ჩვენიანი, რომელმაც დააზუსტა, რა როგორ იყო, მაგრამ ამ ინფორმაციას მე ახლა არ გავასაჯაროვებ, რადგან ჰაერზე არ ვილაპარაკებ. ჯერ ფაქტებს შევაგროვებ დოკუმენტურად და შემდეგ. ბიჭებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ რამდენიმე დღეში მომაწვდიან სრულ ინფორმაციას. ხვდებით ალბათ, რომ ამასაც რომ ვამბობ, ახლა ძალიან ვრისკავ, რადგან ეს ყველაფერი არაკანონიერი გზით არის მოპოვებული” – განაცხადა თამაზ ხომასურიძემ.
ცნობისათვის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის არასრულწლოვანი ბრალდებულის ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო. პროტესტის ნიშნად შიმშილობა თავად ბრალდებულმა, ზ.ხ-მაც დაიწყო.
შეგახსენებთ, წუხელ მცხეთაში, არაგვის ხიდთან გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატები საგამოძიებო ექსპერიმენტს ატარებენ.
დამოუკიდებელ საგამოძიებო მოქმედებებში ადვოკატების გარდა მონაწილეობა საკუთარი სურვილით საქმის არა ფიგურანტებმაც მიიღეს.
ცნობისთვის, გირგი შაქარაშვილის დაცვის მხარის ადვოკატებმა პროკურატურისგან საქმის მასალები მოითხოვეს. ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატი აცხადებს, რომ უწყებას მასალებს “პირველი” საქმის წარმოებიდან სთხოვენ და აქვთ მოლოდინი, რომ დამძიმებული ბრალის გარემოებები და მტკიცებულებები ამ საქმის მასალებშიც იქნება.
11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.